აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპს სექსუალური ხასიათის ზეწოლაში ადანაშაულებენ

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს სექსუალური ხასიათის ზეწოლაში ადანაშაულებენ.

The New York Times-ის სტატიაში, 74 წლის ჯესიკა ლიდსი იხსენებს, რომ 35 წლის წინ ის ტრამპთან ერთად ერთ თვითმფრინავში იმყოფებოდა, როდესაც მისი მხრიდან სექსუალური ზეწოლის ობიექტი გახდა. მეორე ქალის, რეიჩელ კრუქსის თქმით კი, 2005 წელს, 22 წლის ასაკში, ტრამპის სასტუმროთა ქსელში მუშაობდა. ის ამბობს, რომ ლიფტში ტრამპმა მის მიმართ სექსუალური ხასიათის ზეწოლა მოახდინა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზემოხსენებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო, მისმა საარჩევნო შტაბმა კი, გამოცემა The New York Times პროფესიული სტანდარტების დარღვევასა და ტრამპზე კოორდინირებულ თავდასხმაში დაადანაშაულა. ტრამპის თქმით, ის გამოცემას სასამართლოშიც უჩივლებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში Washington Post-მა გაასაჯაროვა 2005 წლის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც რესპუბლიკელი კანდიდატი ქალების მიმართ ცინიკურ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. ამის გამო რესპუბლიკური პარტიის 12-ზე მეტმა გავლენიანმა წევრმა არჩევნებზე ტრამპის მხარდაჭერაზე უარი თქვა.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები