არჩევნები 2016

ნოდია: ენმ-ის და სააკაშვილის გამიჯვნა შეცდომა იქნება

გია ნოდია
ტაბულა

პოლიტოლოგი გია ნოდია თვლის, ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა შეცდომა იქნება. როგორც ნოდია საკუთარ Fb გვერდზე წერს, ბუნებრივია, რომ სააკაშვილის და ენმ-ის მომავალი გადაჯაჭვული იყოს.

"უდიდესი შეცდომა იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნება (ვიცი ხალხი, ვინც მათ აქეთკენ მოუწოდებს, მაგრამ ისინი ცდებიან). ასევე, მისი პირადი შეცდომა იქნებოდა, პარტიას რომ გაემიჯნოს. მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი და დღესაც დიდწილად ის განსაზღვრავს ამ პარტიის ბრენდს. ბევრს შეიძლება არ მოგვწონდეს, რომ ქართული პოლიტიკა ზედმეტად პერსონალისტურია, მაგრამ ამ ეტაპზე ის ასეთია და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. სააკაშვილს აქვს პრეტენზია, რომ ის კიდევ ითამაშებს მნიშნელობან როლს ქართულ პოლიტიკაში; ჩვენ არ ვიცით, რა როგორ იქნება მომავალში (მე ყოველ შემთხვევაში, ამის ცოდნის პრეტენზია არა მაქვს), მაგრამ თავად პრეტენზია სრულიად ლეგიტიმურია, და მე მისი ქართულ პოლიტიკაში კანონიერი დაბრუნების პერსპექტივას მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ. ყველაზე უფრო ბუნებრივია, რომ მისი პოლიტიკური მომავალი კვლავაც გადაჯაჭვული იყოს ნაციონალურ მოძარობასთან.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიშა უნდა იყოს "ფიურერი", რომლის ყოველ ნათქვამზე პარტია „სმირნაზე“ დადგება. სხვათა შორის, ის ასეთი "ფიურერი" არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოფილა, თუმცა ბოლო სიტყვა, ცხადია, მისი იყო, და ეს კონსტიტუციითაც ეკუთვნოდა. მისი, როგორც პოლიტიკოსის სიძლიერე უპირველეს ყოვლისა მის შექმნილ გუნდშია, ხოლო ამ გუნდის სიძლიერე იმითაც იზომება, რომ დამოუკიდებლად მოაზროვნე და მოქმედი ადამიანებისგან შედგება და არა თავის მოკანტურეებისგან", - წერს ნოდია.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მომავალი, ქართული ოცნებისგან განსხვავებით, ერთი კაცის ნებაზე არ არის დამოკიდებული.

"ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მომავალი პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, რომ სხვებთან, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებასთან შედარებით თავის მორალურ და ინტელექტუალურ უპირატესობას აჩვენებს. ამ დღეებში მან ასეთი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაადასტურა იმით, რომ, "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, ერთადერთი ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ეს ძალიან სერიოზული უპირატესობაა. ის, რომ მიუხედავად მნიშვნელოვან ტაქტიკურ საკითხზე მძაფრი და საჯაროდ გამოხატული წინააღმდეგობისა, პარტიამ ერთიანობა შინარჩუნა (იმედი მაქვს, მომავალშიც შეინარჩუნებს), იმის საწინდარია, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოში პირველ ევროპული ტიპის პარტიად ყალიბდება.

რაც შეეხება იმას, რაც ადრე ვთქვი, რომ ოდესის გუბერნატორობა და პარტიის საქმიანობის წარმართვა შეუთავსებელია, დიახ, ეს ასეა, რადგან სხვა შემთხვევაში იურიდიული, პოლიტიკური და ლოგისტიკური პრობლემები იქმნება. რაც მთავარია, ღრმად მწამს, რომ ამის მცდელობა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობასაც ავნებს და საქართველოში მის პოლიტიკურ მომვალსაც. მაგრამ ამის თქმა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მისგან გამიჯვნას, მისი აზრის არმოსმენას და, მით უმეტეს, მის "ღალატს". მეჭიაურის დონეზე ნუ დავეშვებით ჩვენს მსჯელობაში. თუ ნაციონალურ მოძრაობას ძირითადი პროდასავლური ძალის პრეტენზია აქვს (ჩემი აზრით, სამართლიანად აქვს), ის თავის შიდაპარტიულ საქმიანობაშიც ევროპული ტიპის პარტია უნდა იყოს"- წერს ნოდია.

კომენტარები