არჩევნები 2016

უსუფაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვისას შეცდომების დაშვებაა ადვილი

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ქართული ოცნების პირველ ნომერს, გიორგი კვირიკაშვილს წარმატება უსურვა. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ყველაზე რთული, საკონსტიტუციო უმრავლესობის გზა აირჩია.

"მე ვრჩები გიორგი კვირიკაშვილის კეთილისმყოფლად და ძალიან მინდა ვისურვო, რომ პერსონალურად იგი და მისი მხარდამჭერები შეძლებენ იმ ძალიან რთულ გზაზე წარმატებით გავლას, რომელიც თავად აირჩიეს. ჩემი აზრით, მან და მისმა მხარდამჭერებმა ყველაზე რთული გზა აირჩიეს - საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა. ესაა ყველაზე რთული და არა ყველაზე მარტივი გზა, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია, მაგრამ მე პირადად მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებას და ქვეყნის წინ წაყვანას", - თქვა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვა რთულია იმდენად, რამდენადაც ასეთი მმართველობის დროს შეცდომების დაშვებაა მარტივი. მისი თქმით, ეს დასტურდება არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპის ისტორიითაც. 

"საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვა კი არაა რთული, შეცდომების დაშვებაა ადვილი და ეს ძალიან ხშირად მომხდარა ჩვენს რეალობაში. კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული, ვისაც ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, იყო მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა, აჭარაში იყო კიდევ აღორძინება - ჩვენვე, ჩვენს ცხოვრებაში ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის შეცდომების დაშვების ყველაზე ადვილი შესაძლებლობა. მაშინ, როცა ადამიანებს უვითარდებათ განცდა, რომ მათ უკვე ყველაფერი იციან, ასე მარტივია ყველაფრის კეთება და ხდება შესაბამისი რამ. ესაა სახიფათო და ამაზე მეტყველებს ჩვენი ისტორია. ვისაც ამისი დრო და საშუალება აქვს და ცოტა უფრო იქეთ გადაიხედავს, დემოკრატიული სამყარო რა პრინციპებს ეფუძნება, სად და როგორ არის მიღწეული ეფექტური მმართველობა - მაშინ არის უფრო ეფექტური მთავრობა, როდესაც 90%-ს აკონტროლებს პარლამენტში თუ მაშინ, როდესაც მას საშუალება აქვს, კონსულტაციებით და კონსესუსებით, ქვეყნის ყველა პოლიტიკურ ძალასთან მჭიდრო ურთიერთობით მიიღოს ხოლმე გადაწყვეტილებები? გადავიხედოთ ევროპაში - თუ მანახებთ ერთ ქვეყანას, რომელიც იყო წარმატებული იმ რეფორმებისა და განვითარების პროცესში, სადაც ერთი პარტია იყო საკონსტიტუციო უმრავლესობით წარმოდგენილი, მეც შეიძლება აზრი შევიცვალო. ამ თვალსაზრისით საქართველო არ არის გამონაკლისი. პირიქით, ჩვენი უახლესი ისტორია ამას ადასტურებს. მე კარგად მესმის დღევანდელი აღტკინება, რასაც ვხედავ ჩემს კოლეგებში თუ ქართული ოცნების წარმომადგენლებში, რომლებიც სიამაყით ამბობენ: „იცით, ჩვენ ეს გვექნება", რომ ამით, თითქოს, ევერესტზე ავედით, მაგრამ ევერესტზე ასვლა არ არის მთავარი. იქიდან დაუზიანებლად ჩამოსვლაც აუცილებელია", - თქვა დავით უსუფაშვილმა. 

კომენტარები