არჩევნები 2016

ISFED ხმების პარალელური დათვლის შედეგებს დღეს, 10:00 საათზე გამოაცხადებს

„სამართლიანი არჩევნები" ხმების პარალელური დათვლის შედეგებს დღეს, 10:00 საათზე გამოაცხადებს. ორგანიზაციის განცხადებით, "პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით ჩატარდა. ცალკეული საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა დაძაბულობა, თუმცა აღნიშნულ გარემოებას ერთი გამონაკლისი შემთხვევის გარდა არსებითი გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის პროცესზე".

სამართალიანი არჩევნების შეფასებით, "მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებმა მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს საარჩევნო პროცედურების დარღვევის შემთხვევები, მათ შორის მნიშვნელოვანი ხარვეზებიც, საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ ამ ინციდენტებს არ შეეძლო არსებითი გავლენა ჰქონოდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე".

ამ დროისთვის, სამართლიანმა არჩევნებმა საუბნო კომისიებში წარადგინა 81 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში - 75 საჩივარი. ასევე, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირა 139 შენიშვნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, 3702 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 2208+5 (59.78%). ამ დროისთვის, ქართულ ოცნებას 50.16% აქვს აღებული, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 26.65%, პატრიოტთა ალიანსს 4.86%, სახელმწიფო ხალხისთვის 3.63%, თავისუფალი დემოკრატები 4.05%, დემოკრატიული მოძრაობა 3.3%, ლეიბორისტული პარტია 3.02%, რესპუბლიკური პარტია 1.46%.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "ცესკო იმ შედეგის დასმას ცდილობს", რომელიც ოთხი ტელევიზიის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლში გამოცხადდა და ამიტომაც აგვიანებდა შედეგების დადებას.

კომენტარები