ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის მთავარ ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. კვირიკაშილმა აღნიშნა, რომ ეს უდიდესი გამარჯვებაა, თუმცა ელოდება ცესკო-ის ოფიციალურ მონაცემებს.
"ჩემო მეგობრებო, მინდა, მოგილოცოთ ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, თითოეული ჩვენგანის გამარჯვება. ეს გამარჯვება არის დიდი ბრძოლით მოპოვებული, გილოცავთ, დიდი მადლობა. დღეს საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას გასცა პასუხი : არის თუ არა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ღირსება?- რა თქმა უნდა, ეს ასეა. ყველა წინასწარი მონაცემებით ქართული ოცნება ლიდერობს მნიშვნელოვანი უპირატესობით. ეს არის უდიდესი გამარჯვება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ძალიან დიდი მხარდაჭრა გამოთქვა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა საქართველოს ცხოვრებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ცესკო-ის ოფიციალურ მონაცემებს, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით გამარჯვებულია. მეგობრებო, ეს არის კიდევ ერთხერლ იმის დადასტურება, რომ ჩვენ ვართ ძალიან საამაყო ქვეყანა. თითოეული ჩვენგანისთვის ის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ათასეულობით, მილიონობით ადამიანის გმირობამ მოგვიტანა დღემდე. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ნათელი და ასეთივე საამაყო მომავალი. დეღევანდელი გამარჯვება არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ უდიდესი გამარჯვების, რომელიც ქართელმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით", - ამბობს კვირიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის არასრული ეგზიტპოლის თანახმად, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 3 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 32.74%, პატრიოტთა ალიანსი - 5.76%.
TNS-ის კვლევით მომზადებული ეგზიტპოლის მიხედვით, ქართულ ოცნებას 53.8% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 19.5%, პატრიოტთა ალიანსი - 5%. ამ ეგზიტპოლის თანახმად, სხვა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ ლახავენ. კერძოდ, თავისუფალ დემოკრატებს - 4% უჭერს მხარს, პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის - 2.1%, ლეიბორისტებს - 3.1%, რესპუბლიკურ პარტიას - 2.7%, ნინო ბურჯანაძის პარტიას - 2.7%. ეს 18:00-ის მონაცემებია.





