არჩევნები 2016

საია: პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა

ანა ნაცვლიშვილი
radiotavisupleba.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ამ დროისთვის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. 

"უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა დარღვევის შესახებ, ჩვენ ამ ინფორმაციას ვამოწმებთ და როგორც კი გვექნება დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას გავაცნობთ“,- ამბობს ნაცვლიშვილი.

საიას თავმჯდომარის თქმით, ამ პერიოდისთვის ძირითადი დარღვევები დაფიქსირებულია წილისყრის პროცედურებთან და რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების არასათანადო ქცევასთან დაკავშირებით.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ძირითადად უბნები დროულად გაიხსნა.

"წილისყრის პროცედურებისას გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში, როდესაც გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსვლენად წილისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ეს ჩვენი შეფასებით, წარმოადგენს არასათანადო შესრულებას კომისიის წევრის მოვალეობის. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საჩივრები დავწერეთ. მიგვაჩნია, რომ კომისიის წევრები ამგვარ წილისყრებში უნდა მონაწილეობდნენ. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ოლქში შესაბამისმა თავმჯდომარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის წევრები, რომელბიც წილისყრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ, არც სხვა ფუნქციების გამოსავლენ წილისყრებში მიიღებდნენ მონაწილეობას და მხოლოდ თავმჯდომარის შესაბამის მითითებებს შეასრულებდნენ დღის განმავლობაში. ჩვენ ასევე მოვიპოვეთ დირექტივა, რომელიც მიცემული იყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისთვის, რომ ისინი ასე მოქცეულიყვნენ და არ მიეცათ  ენმ-სთვის სხვა ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა",-თქვა ნაცვლიშვილმა.

საიას თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნაძალადევის 26-ე უბანსა და დიდუბეში მე-11 უბანზე  სადამკვირვებლო ორგანიზაციების წევრების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევა და არასთანადო ქცევა დაფიქსირდა.

კომენტარები