არჩევნები 2016

ISFED: პირველი ამომრჩევლის მისაღებად, 08:00-ზე მზად არ იყო საარჩევნო უბნების 4.2%

სამართლიანი არჩევნების ცნობით, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 7, საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსების 5, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, უბანზე აგიტაციის 1 და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნის 2 შემთხვევა.

"პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების 4.2% მაშინ, როცა 2012 წელს არ იყო მზად უბნების 8.8%, ხოლო 2014 წელს - 1.3%. აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მცირედი დაგვიანებით დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობს" - აცხადებს Isfed.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგენეს 19 საჩივარი, ხოლო, საოლქო კომისიებში 12 საჩივარი. ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 30 შენიშვნა.

სამართლიანი არჩევნების შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 15:00 საათზე.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება.

"ეს გვაძლევს საშუალებას, დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე" - აღნიშნავს ISFED-ი.

კომენტარები