არჩევნები 2016

თავდაცვის სამინისტრო და შსს: ჯარისკაცებსა და პოლიციაზე ენმ-ის განცხადება სიცრუეა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას საფუძველმოკლებულს უწოდებს. "ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადება, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს არ აძლევენ ხმის მიცემის საშუალებას, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როგორც თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, მთავრობის 2016 წლის 24 აგვისტოს №410 დადგენილების თანახმად, არჩევნების დღისთვის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში სპეციალური საარჩევნო უბნები არ იქმნება. უწყების ცნობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ვერ ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს, ხმას სამხედრო ნაწილებთან ახლოს განლაგებულ სამოქალაქო საარჩევნო უბნებზე მისცემენ.

"ამავე დადგენილების - "ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" მე-2 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ვერ ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო ნაწილებთან ახლოს განლაგებულ ჩვეულებრივ სამოქალაქო საარჩევნო უბნებზე. ასეთი სულ 1290 სამხედრო მოსამსახურეა.

ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, არჩევნების დღეს, ყველა განწესის/მორიგეობის ცვლა, შესაბამისი სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის მეთაურის ან დაწესებულების/ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ უნდა განხორციელდეს 13:00 საათამდე.

შესაბამისად, განწესში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, ხმა მისცენ საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილზე სამორიგეო საათების შესაბამისად. თავდაცვის სამინისტროს დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები, როგორ საქართველოს სხვა მოქალაქეები, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით", - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითაც, ენმ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციითხვალ ჯარისა და პოლიციის დიდ ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება. 

კომენტარები