ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ხვალ ჯარისა და პოლიციის დიდ ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა ივანიშვილის და მისი გუნდის უკანონო, მავნებლური განზრახვის შესახებ. ახალი რეგულაციებით, ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი ხმას მისცემს არა სპეციალურ უბნებზე, არამედ უნდა მისცემოდათ საშუალება, რომ ხმა მიეცათ იქ, სადაც ჩაწერილი იყო, საკუთარ მისამართზე. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სამხედრო ნაწილებში ორი დღის წინ მივიდა მინისტრ ლევან იზორიას ზეპირი ბრძანება, რომ არ აინტერესებს კანონის მოთხოვნები და ჯარისკაცების უდიდესი ნაწილი დარჩება საკუთარ ნაწილებში, რის შედეგადაც მათ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცემათ. იდენტური ვითარებაა რიგით პოლიციელებთან მიმართებით, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე მათ დიდ ნაწილს გადაიყვანენ ყაზარმულ მდგომარეობაზე, მათაც არ მიეცემათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა", - ამბობს ბოკერია და მიმართავს ივანიშვილის და მის გუნდს, რომ "შეცვალონ უკანონო გადაწყვეტილება".
"მივმართავთ ივანიშვილს და მის გუნდს - გასაგებია, რომ გესმით და იცით, რომ ჯარის და პოლიციის დიდი ნაწილი არ უჭერს მხარს თქვენს პოლიტიკას, არ მოგცემთ თქვენ ხმას, მაგრამ ეს ვერ გიხსნით ხვალინდელი მარცხისგან, და მეორეც, ეს არის ჩვენი ჯარის, პოლიციის და საზოგადოების შეურაცხყოფა. ხვალიდან მომდევნო ოთხი წელი უნდა იყოთ ოპოზიციაში, ძალიან ცუდია, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ასეთი უკანონო ჟესტით წავა ხელისუფლებიდან. მოგიწოდებთ, შეცვალოთ ეს უკანონო გადაწყვეტილება", - განაცხადა ბოკერიამ.
ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნება და 20:00-ზე დაიხურება.





