ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამით ენმ ადასტურებს, რომ მხარს დაუჭერს ქვეყნის ნარკოპოლიტიკაში შემდეგი ცვლილებების განხორციელებას:
"• მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას და ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისას თავისუფლების აღკვეთის სანქციის გაუქმებას;
• დეკრიმინალიზებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სასჯელმოხდილი ადამიანებისთვის ნასამართლეობის და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის და შეზღუდვის გადახედვას;
• ნარკოტესტირების მოქმედი რეჟიმის შეცვლას; ნარკოტესტირების შედეგად წარსულში ნარკოტიკული საშუალების მიღების დადგენაზე ნებისმიერი სანქციის მოხსნას;
• ნარკოტიკების ადეკვატური ოდენობების დადგენა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს მზადყოფნას, გააგრძელოს მუშაობა პლატფორმასთან, რომ დანარჩენ საკითხებზე მიღწეული იქნას კონსენსუსი, ქვეყნის უსაფრთხოების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების და საბიუჯეტო კომპონენტის გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა 40-მდე ორგანიზაციას აერთიანებს, რომლებიც ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად მუშაობენ.