დღეს, 16:00 საათზე ვარდების მოედანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართება. პარტიის წევრის სერგი კაპანაძის თქმით, აქცია მშვიდობიანია და პროვოკაციების პრევენციისთვის შესაბამის სტრუქტურებთან უკვე ისაუბრეს.
"ჩვენ ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში მრავალათასიანი აქცია ჩავატარეთ, ახლა კი დამაგვირგვინებელი მეოთხე აქცია თბილისში ჩატარდება. ბევრი ადამიანის მოსვლას ველოდებით. ეს აქცია მშვიდობიანი იქნება. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ხალხს მიმართავენ, ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ეს იქნება "ყვითელი ბარათი" ხელისუფლებისთვის, რომელსაც 8 ოქტომბერს არჩევნებში დავამარცხებთ.
აქციის მიზანი მშვიდობიანია. რაც შეეხება პროვოკაციებს, ყველა შესაბამის სტრუქტურასთან ვისაუბრეთ, დეტალები შევუთანხმეთ და დიდი იმედი გვაქვს, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებს არ ექნება ადგილი", - თქვა კაპანაძემ.





