არჩევნები 2016

ხოშტარია: ხელისუფლება მუდმივად ეძებს ძალადობრივი ფაქტების სასურველ ახსნებს

helenkhoshtaria.fb.com

ნაციონალური მოძრაობის ვაკის #2 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას ოპონენტების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს. ხოშტარია ირაკლი ოქრუაშვილისთვის სროლის ფაქტს გამოეხმაურა.

"ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება იყოს აღშფოთებული და მიმართავდეს თავის ქმედებებს ძალადობის წინააღმდეგ, მუდმივად ეძებს ასეთი ძალადობრივი აქტების თავისთვის სასურველ ახსნებს და მთელ ენერგიას ხარჯავს ამაზე. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ სამარცხვინო ახსნა მზესუმზირის ჭამის და რაფინირებულობაზე საუბრის ამ კანდიდატთან დაკავშირებით. ეს არის დაუშვებელი. გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, როდესაც გაიჟღერა კალაძის სახელმა ამ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, კალაძის, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის კორცხელთან, ასევე არა ერთხელ გაიჟღერა მისმა სახელმა კრიმინალურ პროცესებთან კავშირში", - ამბობს ხოშტარია.

ენმ-ის წევრი აღნიშნავს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი გარემო არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემაა. ელენე ხოშტარიას თქმით, სწორედ ამან გამოიწვია "ადამიანების პირდაპირ ჩახოცვა ქუჩაში".

"ყველას მინდა ვუთხრა, ხელისუფლება ვერ მოახერხებს საარჩევნო პროცესის ჩაშლას, ვინმეს დაშინებას ან ქვეყანაში არეულობის გამოწვევას. ჩვენ ძალიან მტკიცედ, მშვიდად და დემოკრატიულად შევცვლით ამ ხელისუფლებას", - აღნიშნა ხოშტარიამ.

გუშინ გორის მაჟორიტარ კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს, თუმცა ტყვია მის დაცვის წევრს და ერთ-ერთ მხარდამჭერს მოხვდა. ოქრუაშვილი მომხდარში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ინციდენტს "პოლიტიკური სარჩული" არ ჰქონია.

"ინციდენტი იყო ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე. დაიწყო შელაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილსა და გორის ერთერთ მაცხოვრებელს შორის, რომელიც იქ ადგილზე იმყოფებოდა. დეტალებიც შემიძლია, გითხრათ, რაზე იყო საუბარი. ეს ადამიანი იქვე იჯდა, მზესუმზირას მიირთმევდა და შენიშვნა მისცეს მას ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება", - თქვა კობახიძემ ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილის მისამართით ცეცხლი გახსნა, იდენტიფიცირებულია. როგორც უწყების პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

კომენტარები