არჩევნები 2016

კაპანაძე: ენმ არანაირ ძალადობას არ გეგმავს, არც გეგმავდა და არც აპირებს, რომ დაგეგმოს

სერგი კაპანაძე
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი "ხელისუფლების პროვოკაციული მოწოდებების გაგრძელებაა". კაპანაძემ იმედის ეთერში აღნიშნა, რომ დამონტაჟებული ჩანაწერები არის სუს-ის ხელწერა. მისი თქმით, "უაზრო ჩანაწერების გადმოგდებით, ხელისუფლება ცდილობს, ხალხის ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე". კაპანაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არანაირ ძალადობას არ გეგმავს, არც გეგმავდა და არც აპირებს, რომ დაგეგმოს. ენმ-ის წევრის შეფასებით, "ეს არის ჩიხში შესული ხელისუფლების მორიგი, უსუსური ნაბიჯი". 

"ხელისუფლების მხრიდან ისმის მოწოდებები, თითქოს ჩვენ ვაპირებთ რაღაც ძალადობას. ახლა ვითომ ლოგიკური ჯაჭვი შეკრეს და ცდილობენ, ხალხს აჩვენონ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მოძალადე. ამ დროს, არანაირი ფაქტი არ არსებობს ამის დამადასტურებელი. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანების მიერ, სხვადასხვა კონტექსტში ნათქვამი ფრაზების შეკოწიწება და დამონტაჟება, რა თქმა უნდა, არაფერს არ ნიშნავს. ეს ჩანაწერი, ისევე როგორც გუშინდელი მასკარადი, ისევე როგორც სხვა დროს გავრცელებული ჩანაწერები, მათ შორის, რაღაც რუსულ-უკრაინულ ვებვერდებზე ატვირთული, ეს ყველაფერი ატარებს ერთ ხელწერას, ეს არის სუს-ის ხელწერა და ვის გამოძიებას დაველოდოთ, სუს-ის გამოძიებას დაველოდოთ, თავის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე რას იტყვის? ეს არასერიოზულია და აჩვენებს იმას, რომ სერიოზული პრობლემა აქვს ხელისუფლებას, აგონიაშია, სერიოზულად ვერ აღიქვამს - რა ხდება ქვეყანაში, სადამდე მიიყვანა ქვეყანა, როგორ ვერაფერი ვერ გააკეთეს ამ ოთხი წლის განმავლობაში და ახლა ცდილობენ - ასეთი უაზრო ჩანაწერების გადმოგდებით ხალხის ყურადღება გადაიტანონ სხვა თემაზე, რომ არიქა, რაღაცა საშინელება მზადდება და ამიტომ არ მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას" - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი ბრალდება გაჟღერდა. კაპანაძე აღნიშნავს, რომ ენმ-ის წარმომადგენლები ყველა შემთხვევაში თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და დადიოდნენ დაკითხვებზე. მისივე თქმით, "არც ერთი საქმე ბოლომდე არ მისულა, იმიტომ რომ არაფერი არ არის ბოლომდე მისაყვანი". 

"ყოველთვის მიდიოდნენ, აძლევდნენ ჩვენებას, მერე არაფერი არ ხებოდა. დღესაც შესთავაზეს სუს-ის თანამშრომლებს, ადგილზე გასაუბრებოდნენ, ეს არის სუს-ის დადგმული მასკარადი და მეტი რა თანამშრომლობას მოელიან ჩვენგან, ცოტა გაუგებარია... მინდა, ხაზი გავუსვა და ძალიან ნათლად ავუხსნა ყველას - ნაციონალური მოძრაობა არანაირ ძალადობას არ გეგმავს, არც გეგმავდა და არც აპირებს, რომ დაგეგმოს. ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნებზე გავიდეთ ბოლოში წყნარად და მშვიდად, როგორც აქამდე ხდებოდა. ეს გულისხმობს მოსახლეობასთან შეხვედრას, კარდაკარს, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიდის. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ხელისუფლების ასეთი ტიპის რეაქცია განაპირობა, არის ის, რომ ბათუმსა და ზუგდიდში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ჩვენს მხარდასაჭერად. ეს ალბათ იცოდნენ, მაგრამ არ ელოდნენ და ახლა ამით ცდილობენ გადაფარვას. არაფერი არ გამოუვათ, 8 ოქტომბერს დამთავრდება ეს უსუსური მცდელობები" - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. აუდიოჩანაწერში ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. სუს-მა ენმ-ის წევრები ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი დაკითხვაზე უკვე დაიბარა. უმცირესობის დეპუტატებმა უწყებები არ ჩაიბარეს და აღნიშნეს, რომ "თავად მოვიდნენ, თუ კითხვები აქვთ".

კომენტარები