არჩევნები 2016

აბაშიშვილი: მოვუწოდებთ პარტიებს, შეუერთდნენ ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ შეუერთდნენ პრემიერმინისტრის ინიციატივას ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმთან დაკავშირებით. მემორანდუმის თანახმად, პოლიტიკურმა გაერთიანებებმა წინასაარჩევნო კამპანიისას კონტრაქციებზე უარი უნდა თქვან.

"ჩვენ ყოველთვის მძაფრად ვაკრიტიკებდით ყველა ტიპის ძალადობას. შესაბამისად, მივესალმეთ პრემიერის ინიციატივას ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ დიალოგის პროცესში და შეუერთდნენ მემორანდუმს, რომელიც შესაძლოა, არ იყოს ყველაფრის გარანტი, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა მეტი შეთანხმებისა და დიალოგისაკენ, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ჩვენ უნდა შევძლოთ არჩევნების მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება", - თქვა გიორგი აბაშიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების წინასაარჩევნო "სამშვიდობო მემორანდუმს" თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები უერთდებიან. ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და საარჩევნო ბლოკში - სახელმწიფო ხალხისთვის აღნიშნულ დოკუმენტს „ფარატინა ქაღალდს" უწოდებენ და ამბობენ, რომ სანამ ხელისუფლება უკვე მომხდარ საარჩევნო ინციდენტებს არ გამოიძიებს, ამგვარ დოკუმენტზე ხელის მოწერას აზრი არ აქვს. ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას თქმით კი, არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა, ის ამ პასუხისმგებლობას არ იღებს.

კომენტარები