არჩევნები 2016

IRI: ბევრ საარჩევნო ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია წინასაარჩევნო გარემო საქართველოში. სადამკვირვებლო მისია 1-25 აგვისტოს პერიოდში აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში იმყოფებოდა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა ძირითადი მიგნებები გამოავლინეს. ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ არჩევნები იქნება კონკურენტული და ბევრ საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება.

"საუბნო საარჩევნო კომისიებში შერჩეულ წევრთა უმრავლესობა ქალები არიან, ბევრი ახალგაზრდა მიმართავს კომისიებს მუშაობის დასაწყებად; გარკვეული საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შერჩევისას საარჩევნო კოდექსით ნაკლებად ხელმძღვანელობდნენ; ბლოკ სახელმწიფო ხალხისათვის და გაერთიანებული ოპოზიციური სუბიექტებისთვის საარჩევნო ნომრების ადრეულმა მინიჭებამ სხვა პარტიები უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენა; საარჩევნო საზღვრების ხელმეორედ განსაზღვრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრებაში, მაგრამ რჩება შეშფოთებები, რომ ახალი საზღვრების გამო შესაძლოა, ეთნიკური უმცირესობების არჩევნებში ჩართულობას პრობლემა შეექმნას; მიუხედავად საუბრისა ქალთა მეტ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, ქალები არასაკმარისად არიან წარმოდგენილი მაჟორიტარ კანდიდატებად და სიებში; ცესკომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შშმ პირებისთვის საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობისთვის; საარჩევნო ადმინისტრაციებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად გვხვდება; საარჩევნო სიების დაზუსტება დიდწილად წარმატებული იყო, თუმცა, ზოგიერთ ამომრჩეველს კვლავ არ აქვს ბიომეტრიული პირადობის მოწმობა", - ნათქვამია ანგარიშში.

IRI-ის დამკვირვებლების ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში პრორუსული პარტიები კვლავ სუსტია, მაგრამ მათ მაინც მიიღეს გარკვეული მხარდაჭერა, მიუხედავად ანტიდასავლური განწყობისა მკვეთრად პროდასავლურ გარემოში.

დოკუმენტში ასევე საუბარია ბრალდებებზე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად საკუთრებასთან დაკავშირებული დავებისა, მედიაგარემო დიდწილად აღქმულია სამართლიანად და დაბალანსებულად.

კომენტარები