გირჩი და ივანიშვილი

ბერძენიშვილი: გირჩს რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, ჩემში არანაირ ეჭვს არ იწვევს

ტაბულა

პარტია რესპუბლიკელების წევრი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ "გირჩს" ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. თუმცა, ბერძენიშვილი ამ ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.

"გირჩს რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, ამაზე გარკვეული ინფორმაცია ჩვენც გვაქვს. მემგონი, საკმაოდ გამჭვირვალეა ეს საკითხი. გირჩს რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, ჩემში არანაირ ეჭვს არ იწვევს, თუმცა, ამას ვერ დავამტკიცებ, ამიტომ, თუკი გირჩისთვის ეს შეურაცხმყოფელია, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს. ეს მოსაზრება გაბატონებულია ნაციონალურ მოძრაობაში და ამავე დროს ამ მოსაზრებას ძალიან სერიოზული საფუძველი აქვს - ჩვენ კარგად ვიცით, ვის ვისთან აქვს კონტაქტი. მაპატიეთ, პარლამენტის წევრი ვარ და ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩემთან იყრის თავს, დაცულია სწორედ ამ ნიშნით. წყაროს ვერ დავასახელებ, მაგრამ გარწმუნებთ, ძალიან კარგი წყაროები მეუბნებიან, ვინ-ვის-როგორ და რანაირად", - თქვა ბერძენიშვილმა შაბათის კურიერში.

ლევან ბერძენიშვილისვე თქმით, გირჩის მიერთებით პაატა ბურჭულაძემ მზარდი რეიტინგი დაკარგა.

"ვაშაძე, გირჩი, ბურჭულაძე და მამუკა კაციტაძე ერთად არის შეუძლებელი კონგლომერატი. ის თუ ხელოვნურად არ შეაწება ვინმემ, ბუნებრივად ეს ხალხი ერთმანეთს ვერ იპოვის და ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. გირჩის შეერთებით პაატამ დაკარგა ის მზარდი რეიტინგი, რომელიც მას ჰქონდა. შეიძლება, ზედმეტსაც ვლაპარაკობთ და ვერც ხვდება პარლამენტში. როცა ხელოვნური გაერთიანებაა, ვინმე ძლიერი უნდა იდგეს. პაატაზე ძლიერი, ვისაც შეუძლია, მიუერთოს მას ძალადობრივად გირჩი, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია", - თქვა ბერძენიშვილმა.

კომენტარები