ავტოსაგზაო შემთხვევა

ისანში, სასტუმროს ეზოში ავტობუსი შევარდა, შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა

ისანში, სასტუმრო რიჩის ეზოში სამგზავრო ავტობუსი შევარდა და კედელს შეეჯახა. შედეგად, 16 მგზავრი და ერთი ქვეითი დაშავდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსთავი ორის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლს ჩაეძინა. თავად მძღოლის მტკიცებით კი, მუხრუჭი მწყობრიდან გამოვიდა. კიდევ ერთი ვერსიით, ავტობუსს გზა არ დაუთმო მსუბუქმა ავტომობილმა, რის შემდეგაც, ავტობუსი ჯერ რამდენიმე მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი - სასტუმროს კედელს.

"დაზარალებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან", - აცხადებს სატრანსპორტო კომპანია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ან რამდენიმე პირის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება.

კომენტარები