აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მექსიკაში ჩავიდა, სადაც მექსიკის პრეზიდენტ ენრიკე პენია ნიეტოსთან შეხვედრა გამართა.
მექსიკის შემდეგ კი, ტრამპმა არიზონაში გამართა მოსახლეობასთან შეხვედრა, სადაც განაცხადა, რომ ორი ქვეყნის საზღვარზე კედლის აშენებას მექსიკა დააფინანსებს. ტრამპის თქმით, ისინი ხარჯების 100 %-ს გაიღებენ.
თუმცა, მოგვიანებით პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის საზღვარზე კედლის აშენების თემაზეც ისაუბრეს, მაგრამ კედლის აშენების ხარჯებს მექსიკა ნამდვილად არ გაიღებს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა წინა საარჩევნო გამოსვლებში არაერთხელ უწოდა მექსიკას არალეგალებისა და ნარკოტიკების წყარო. მისი თქმით, მექსიკელი არალეგალების შესაჩერებლად, საზღვარზე კედლის აშენებაა საჭირო.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპის კონკურენტი კი დემოკრატების მხრიდან ჰილარი კლინტონი იქნება.





