საქართველოს ტავდაცვის სამინისტრო

იზორია: სამინისტროს სერტიფიცირებული მყვინთავ-ინსტრუქტორი არ ჰყავს

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, მის უწყებას მყვინთავ-მებრძოლთა სერტიფიკატის მქონე ინსტრუქტორი არ ჰყავს. მისივე განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, ყველა მყვინთავ-მებრძოლთა წვრთნა შეჩერდეს.

"გამოძიების პროცესში გამოვავლინეთ კონკრეტული დარღვევები, კერძოდ ის, რომ არ არსებობდა წლების განმავლობაში, 2010 წლიდან, 2011-ში დაიწყო პრაქტიკულად ე.წ მყვინთავ-მებრძოლთა კურსები. აღმოჩნდა, რომ არ იყო გაწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა წარიმართოს წვრთნები. მოგეხსენებათ, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც წვრთნები ეხება თითოეული ადამიანის და, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ჯარისკაცის უსაფრთხოებას, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, აუცილებელია მსგავსი პროცედურების არსებობა. შესაბამისად ეს არის სერიოზული ფაქტი.

თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ინსტრუქტორის სერტიფიკატი (ხაზგასმით ვამბობ და მყვინთავის სერტიფიკატი, ინსტრუქტურის სერტიფიკატში არ ავურიოთ) არ გააჩნდა იმ პირებს, ვინც წვრთნებს ახორციელებდა, ამიტომ ჩვენ დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ თავდაცვის სამინისტროში 6-7 წლის განმავლობაში ოფიციალურად თუ არსებობდა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი, სამწუხაროდ, ასეთი ვერ ვიპოვეთ. მყვინთავის კურსი არ ნიშნავს ინსტრუქტორის კურსს. თქვენ შეიძლება იყოთ კარგი მოსწავლე და არა მასწავლებელი. ჩემი თვითმიზანი არის ერთადერთი, თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოება იყოს დაცული. მივიღე გადაწყვეტილება ყველა მსგავსი წვრთნები შეჩერდეს. ჩემი მინისტრის პასუხისმგებლობაა მსგავსი ფაქტების პრევენციაა და არა იმაზე ფოკუსირება, ვინ არის კონკრეტულად დამნაშავე. კონკრეტული პირების ბრალეულობის შესახებ პროკურატურა ისაუბრებს,"- აცხადებს ლევან იზორია.

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს, რასაც საპროკურორო ზედამხედველობას მთავარი პროკურატურა უწევს და უახლოეს დღეებში მოხდება ფაქტის სამართლებრივი შეფასება. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ 11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები