არჩევნები

ხოშტარია: უზრუნველვყოფთ ევროპულ ბაზარზე ლეგალურ სამუშაო უფლებას

საგარეო პოლიტიკის ეფექტურობა და წარმატებულობა ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანაში გვქონდეს მშვიდობა, შევინარჩუნოთ სახელმწიფო, დავიცვათ იმ საფრთხეებისგან, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და შევქმნათ კეთილდღეობა ყოველი მოქალაქისთვის. სწორედ ამას ემსახურება საგარეო პოლიტიკა. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ერთადერთი ის გზა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასაც და კეთილდღეობასაც. ჩვენ 2003-დან 2012 წლამდე მოვახდინეთ გარღვევა საგარეო პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა არ ისინჯებოდა საერთაშორისო რუკაზე და მხოლოდ ნეგატივით იყო დამახსოვრებული, მოვახერხეთ და გავხდით საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, მივაღწიეთ იმას, რომ ნატომ თქვა - გავხდებით მისი წევრი, შესაძლებელი გახდა ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირის ბაზრის გახსნა, ვიზების მიღება (რაც სამწუხაროდ ჭიანურდება). 2012 წლის შემდეგ ან უბრალოდ ინერციით მივდივართ ან საერთოდ ვერ შევინარჩუნეთ ეს ინერცია. 2016 წელს გვჭირდება, რომ გადავიდეთ ხარისხობრივად ახალ ნაბიჯზე, მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და დღეს ამის ახალი ტალღის, ახალი დინამიკის შემოტანის ძალიან კონკრეტული შესაძლებლობა არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში იმისთვის, რომ როცა მოხდება ისეთი საზარელი ფაქტი, როგორიც იყო ოთხოზორიას მკვლელობა, ეს კი არ გაქრეს საერთაშორისო ყურადღებიდან, არამედ იყოს მსჯელობის და ჩვენი დაცვის საგანი, უნდა გადავიდეთ ახალ ეტაპზე და გარდა იმისა, რომ უნდა ავითვისოთ ევროპული ბაზარი, რაც დღეს არ ხდება, უნდა უზრუნველვყოთ ევროპულ ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური სამუშაო უფლება, ეს არის სრულიად შესაძლებელი და ჩვენ ამას გავაკეთებთ 2016 წლიდან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის წევრი ელენე ხოშტარია რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში.

კომენტარები