დემურ სტურუას საქმე

სასამართლომ სტურუას საქმეზე ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ShutterStock

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გოდერძი თევზაძე მიმალვაშია და დღეს ის პროცესზე არ გამოცხადებულა.

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელ გოდერძი თევზაძეს ბრალი გუშინ, 29 აგვისტოს წარუდგინა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა. უწყების განმარტებით, ბრალდებული თავს არიდებს გამოძიებას და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ძებნას დაიწყებენ. 

საქართველოს სახალხო დამცველი კი პროკურატურას მოუწოდებს, დამაჯერებელი პასუხი გასცეს დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე არსებულ ყველა შეკითხვას. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, როგორ მოახერხა ბრალდებულმა პოლიციელმა მიმალვა და რა გააკეთა პროკურატურამ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ვინ დაეხმარა პოლიციელს მიმალვაში.
 
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშში 22 წლის დემურ სტურუამ თავი 8 აგვისტოს ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა". 

 

კომენტარები