თვითმკვლელობა

ოჯახის ცნობით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე ნაწამებია

22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრების ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილი თვითმკვლელობამდე ნაწამებია. ოჯახის წევრების ცნობით, დოკუმენტში წერია, რომ გარდაცვლილს დაზიანებები ენასა და მარჯვენა ფეხზე აღენიშნება.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელ გოდერძი თევზაძეს ბრალი წარუდგინა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა. პროკურატურა მიმართავს სასამართლოს, თევზაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდოს. უწყების განმარტებით, ბრალდებული თავს არიდებს გამოძიებას და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ძებნას დაიწყებენ.

საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშში 22 წლის დემურ სტურუამ თავი 8 აგვისტოს ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც სტურუამ თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა".

კომენტარები