არჩევნები 2017

კამპანიის წარმოების წესები და აკრძალვები

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კამპანია 23 აგვისტოს დაიწყო. 

კამპანიის წარმოებას თავისი წესები და აკრძალვები აქვს.

შეგახსენებთ რამდენიმე მიმართულებას:

აგიტაცია

წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

  • საარჩევნო კომისიის წევრისა;
  • მოსამართლისა;
  • სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისა;
  • გენერალური აუდიტორისა;
  • საქართველოს სახალხო დამცველისა;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;
  • საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;
  • საჯარო მოხელეებისა (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს).
  • საქართველოს კომუნიკაციების და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებისა.

აკრძალულია სააგიტაციო მასალის კულტურული მემკვიდრეობის, საკულტო, საჯარო, სასამართლო და უსაფრთხოების სტრუქტურების შენობებზე გაკვრა. არჩევნების დამთავრებიდან 15 დღის ვადაში, საარჩევნო სუბიექტები ვალდებულნი არიან სააგიტაციო მასალა ჩამოხსნან.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

პირებს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ, ეკრძალებათ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადმინისტრაციული რესურსის, ასევე სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

სახელმწიფო/ადგილობრივი მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე გაწეული წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ითვლება.

ამომრჩევლის მოსყიდვა - არჩევნების დანიშვნის დღიდან მისი საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პოლიტიკური პარტიებისა და სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის აკრძალულია ამომრჩევლის პირდაპირი ან ირიბი მოსყიდვა ნებისმიერი გზით ან საშუალებით, როგორიცაა ფულადი სახსრების და საჩუქრების გადაცემა, შეღავათის გაწევა, უფასო მიწოდება, მომსახურების გაწევა და სხვა. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ჩაერთვება ასეთ საქმიანობაში, რეგისტრაცია შეიძლება, გაუუქმდეს.

ამასთან, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის და შესაბამისი წესების დარღვევა დამრღვევი პირის 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს. 

კამპანიის დაფინანსება და მოსყიდვა

პოლიტიკური სუბიექტები უფლებამოსილნი არიან მიიღონ კამპანიის შემოწირულობები ფიზიკური პირებისგან არა უმეტეს 60 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირებისგან კი არა უმეტეს 120 000 ლარის ოდენობით.

  • პარტიას ეკრძალება საქართველოს მოქალაქისთვის მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობების გადაცემა (პარტიის კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარების − მაისურების, კეპების, ქუდების, დროშების და სხვა მსგავსი ნივთების − გარდა)
  • კანონის დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე თუ საჩუქრის/გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს,  პარტია დაჯარიმდება ნივთის/გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით, ხოლო მოქალაქე კი ორმაგი ოდენობით.
  • თუ ღირებულება 100 ლარს აღემატება, შესაძლოა ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად, ამომრჩევლის მოსყიდვად, ჩაითვალოს და ჯარიმით, ან სამ წლამდე პატიმრობით დაისაჯოს

მედია - მედიის წარმომადგენლებს ეკრძალებათ კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. 

კენჭისყრის დღეს ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.

კომენტარები