საკონსტიტუციო სასამართლო

სამუშია: ვითხოვთ ერთ რამეს - საკონსტიტუციო სასამართლომ გაუძლოს პოლიტიკურ წნეხს

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატი, ადვოკატი ლევან სამუშია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, "გაუძლოს პოლიტიკურ წნეხს". სამუშიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ე.წ კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. სამუშია ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ "პოლიტიკოსები არ ერიდებიან პოლიტიკური დირექტივების გაცემას საჯაროდ, ტელევიზიით". თავისუფალი დემოკრატების წევრის თქმითვე, განცხადებები, რომ ე.წ კაბელების საქმის სარჩელი კანონდარღვევით დარეგისტრირდა, "ხელოვნური, გამოგონილი მიზეზია". 

"ახსნა არ შეიძლება, მოეძებნოს იმ ფაქტს, რომ 2 აგვისტოს მოსამართლეებმა უარი განაცხადეს პროცესზე შემოსვლაზე, ხოლო მომდევნო დღეს, სხვა პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში განაახლეს. როგორც ჩანს, მოსამართლეთა ნაწილი დღემდე უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, რადგან ჯერ თარიღიც კი არ არის ცნობილი სასამართლო სხდომის განახლებაზე. მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ ჩვენი საქმის სარჩელის არდაკმაყოფილება წარმოუდგენელია. ჩვენი სარჩელი დაფუძნებულია, მაგალითად, ერთ-ერთი მოსამართლის ბატონი ტურავას მეცნიერულ ნაშრომებზე. სარჩელში ვუთითებთ, რომ გაიზიარონ ბატონ მერაბ ტურავას და მსოფლიო მეცნიერების ნაშრომები იმ სამართლებრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც ვხდით სადაოდ. აქედან გამომდინარე, ჩვენი სარჩელის არდაკმაყოფილება გამორიცხულია სამართლებრივად. ვხედავთ, რომ დასკვნით ეტაპზე მისული პროცესი უკვე შეჩერებულია და არც ვიცით, როდის განახლდება პროცესი. ვთხოვ საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩაინიშნოს პროცესი და გამოიტანოს სამართალზე, კანონსა და კონსტიტუციაზე დამყარებული ობიექტური გადაწყვეტილება" - ამბობს სამუშია ტაბულასთან საუბარში და აღნიშნავს, რომ "ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს - სასამართლო იყოს სამართლიანი, გაუძლოს პოლიტიკურ წნეხს".

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, 2 აგვისტოს უნდა შეკრებილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. მათ გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმე უნდა განეხილათ. სხდომა გადაიდო, რადგან ცხრა მოსამართლიდან სასამართლოში მხოლოდ ოთხი მივიდა. მოსამართლეების ნაწილმა სხდომაზე არმისვლის მიზეზად, დიპლომატებთან შეხვედრა დაასახელა. ამასთან, მათი მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი კი, მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეების განხილვაში მონაწილეობაზე უარს ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე ამბობს.

კომენტარები