რუსეთი

"რუსული სული"

Умом Россию не понять,
Аршином общим не измерить:
У ней особенная стать –
В Россию можно только верить

(ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხისადმი პატივის მიგებით)

ხშირად სასაუბრო ენაში უცნაურ პოპულარობას იძენს რაღაც ფრაზა, იქნება ეს ამონარიდი მხატვრული ნაწარმოებიდან, ანეკდოტი, რეპლიკა კინოსურათიდან, ღმერთმა იცის საიდან მოტანილი გაცვეთილი ციტატა თუ ორიგინალური გამონათქვამი. ასეთი ფრაზის გავრცელება თუ დროის გამოცდას უძლებს, იმიტომაც ხდება, რომ ის პირდაპირ თუ კოდირებული სახით მიანიშნებს წარმომქმნელი საზოგადოების სწრაფვას, იმედებს, ოცნებას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი იდენტურობის შექმნაში.

ქართულ მეტყველებაში ერთ-ერთი ამგვარი „საკვანძო ფრაზაა“ ილია ჭავჭავაძის ცნობილი ლექსის დასაწყისი - „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“. ეს ორი ბწკარი ზუსტი ანარეკლია მუდმივად მომავალზე მეოცნებე და აქაური - ამჟამინდელი ყოფიერების მოწუწუნე კოლექტიური ქართველის მენტალური აქტივობისა.

რუსულში მსგავსი დატვირთვა აქვს ეპიგრაფად მოყვანილ ფიოდორ ტიუტჩევის 1866 წელს დაწერილ ოთხტაეპიან ლექსს, რომელიც აქამდე რჩება ყველაზე ხშირად გამოყენებულ ციტატად რუსეთთან, რუსულ ხასიათსა და მსოფლმხედველობასთან მიმართებით, იმასთან, რაც „რუსულ სულად“ (Русская душа) იწოდება.

ტიუტჩევის ლექსის ოფიციალური და გავრცელებული განმარტების მიხედვით, რუსეთი არის „ერთადერთი და განუმეორებელი“ („რაღაც მშვენიერი და ღვთაებრივი“ - პიპინია ერისთავის ჰიპერბოლური რიტორიკა რომ მოვიშველიოთ), იმავდროულად, დაუზუსტებელი და ბურუსით მოცული.

ის („რუსული სული“) შინაარსის არმქონე განაცხადია და მისი დემონსტრირება შეუძლებელია. ვერანაირი საკანონმდებლო ინიციატივა, ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა თუ მორალური ცხოვრების წესი, მას ვერ განსაზღვრავს. ქვეყანა (რუსეთი) შეიძლება ყურებამდე იყოს ჩაფლული ფინანსური, პოლიტიკური და ზნეობრივი დეგრადაციის ჭაობში და, იმავდროულად, წარმოადგენდეს „მორალურ კომპასს“ დანარჩენი სამყაროსათვის. მისი „სული“, სიწმინდე („რუსეთი ჩვენი წმინდა ქვეყანა“, როგორც სახელმწიფო ჰიმნის პირველივე ფრაზა აცხადებს) დარჩება შეურყვნელი და სრულყოფილი.

თუკი შესადარებლად ამერიკელი ერის „საკვანძო ფრაზას“ მოვიყვანთ (და ასეთად უთუოდ მისაჩნევია ამერიკელებისთვის „უკვდავ გამონათქვამად“ ცნობილი ციტატა დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან - „ყოველი ადამიანი შექმნილია თანასწორად“ (All men are created equal)), განსხვავება თვალნათელია.

ამერიკული შესატყვისი არ გულისხმობს რაღაც შეუცნობელ ფანტომს. ის სრულიად გამოკვეთილი შინაარსის მატარებელია, აგებულია თანასწორუფლებიანობის იდეაზე, რისი დემონსტრირებაც შესაძლებელია. მაგალითად, სახელმწიფოს მოწყობის არსებული ფორმა რამდენად შეესაბამება სამართლიანობის პრიციპებს, ეთნიკური წარმოშობის, კანის ფერის, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა პრივილეგიების გათვალისწინებით რამდენმა მოახერხა (ან ვერ მოახერხა) აღზევება სოციალური კიბის საფეხურებზე, რამდენად რეალურია უმრავლესობის მმართველობა და ასე შემდეგ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „თანასწორობის ინდექსი“ არსებობს თანასწორუფლებიანობის ერთ-ერთ საზომ ერთეულად.

ანუ ამერიკული იდეა შეფასებას ექვემდებარება, რუსული წინააღმდეგობაშია თავად შეფასების ცნებასთან („სულს ვერ აწონი“).

ამერიკული იდეალიზმის გაზიარების უფლება ყველას აქვს. რუსული იდეალიზმი „გონითმიუწვდომელი შინაგანი სიდიადიდან“ გამომდინარეობს, რომელიც მხოლოდ რუსეთისთვის არის დამახასიათებელი, „სხვა“ მას ვერ გაიზიარებს. ამისთვის სხვას, (არარუსს), შესაბამისი „გენეტიკური კოდი“ არ გააჩნია. ვლადიმირ პუტინის 2014 წლის აპრილის ცნობილი გამოსვლა არაორაზროვნად ავითარებს ამ შეხედულებას - „ჩვენ, რუსებს, უფრო დიდი გული გვაქვს. უფრო დიდსულოვანი ბუნება, უფრო მძლავრი გენეტიკური კოდი“. მთლიანობაში, რუსული იდენტურობა, ტიუტჩევის „საკვანძო ფრაზით“ წარმოდგენილი, აგებულია დასავლეთის („მატერიალისტური გეიროპის“) მიმართ რუსეთის „სულიერი“ უპირატესობის იდეაზე.

იდუმალი და განუმეორებელი „რუსული სული“, რომელსაც გონით ვერ ჩასწვდები და საზომს ვერ მიუყენებ (და რომელიც მხოლოდ „უნდა იწამო“), შეიძლება არც ისეთი ამოუცნობი და გაუზომვადია, როგორც ამას სკოლებში ასწავლიან. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, განსაკუთრებული ხასიათობრივი თვისება, რაც გამოარჩევს ინდივიდუალურ რუსს და რუსეთს, როგორც ჯგუფს, არის თვითგვემის მოთხოვნილება (потребность страдания) და ძალაუფლებისადმი მონური მორჩილება. იქნებ მისი „სულის იდუმალება“ მეტწილად ამ თვისების (ან თვისებების) მისტიკური საბურველით შემოსვა-გაკეთილშობილების მცდელობაა.

რუსული იდენტურობის მახასიათებლები საკმაოდ მსხვილტანიანი ნაშრომის სათაურშივე აქვს გამოტანილი თანამედროვე ამერიკელ სწავლულს დანიელ რანკურ-ლაფერიერს - „რუსეთის მონური სული, მორალური მაზოხიზმი და ტანჯვის კულტი“ (Daniel Rancour-Laferriere - The Slave Soul of Russia Moral Masochism and the Cult of Suffering, New York University press, 1995). აქ „მაზოხიზმში“ იგულისხმება ტერმინის ფსიქოანალიტიკური განმარტება - ნებისმიერი ქმედითი თუ სიტყვიერი აქტი ან ფანტაზია, რომელიც ქვეცნობიერი განზრახვით საკუთარი თავისადმი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილის და თვითდამცირების შეგრძნების გამომწვევია.

იმდენად თვალსაჩინოა რუსულ ფსიქიკაში თვითგვემამდე მისული მორჩილი პასიურობა, ინდივიდუალური საწყისების ნაკლებობა, ქედმოხრილობა ძალის ყოველგვარი გამოვლინებისადმი, კოლექტიური ერთფეროვნებისადმი სწრაფვა და მასაში აღრევის დაუოკებელი სურვილი, რომ რუსული ეროვნული ხასიათის გამომხატველ ეპითეტებად „მონური სულის“, „ტანჯვის კულტის“ და მსგავსთა გამოყენება შინაური თუ გარეული რუსოფობების „ღვარძლიანი ცინიზმის“ გამოვლინებად არ უნდა მივიღოთ. მსგავსი მეტაფორებით მსგავს კონტექსტში უხვად სარგებლობენ თავიათი ქვეყნის პატრიოტი რუსი კორიფეებიც.

ბრწყინვალე რუსი ლიტერატორი დიმიტრი მერეჟკოვსკი, ღრმად მორწმუნე ორთოდოქსი ქრისტიანი, მსოფლმხედველობით საკმაოდ შორს მდგომი ზიგმუდ ფროიდისგან, ამ უკანასკნელის მიერ ტერმინ „მორალური მაზოხიზმის“ შემოღებამდე გაცილებით ადრე ხედავდა რუსი ინტელიგენტის თვალებში „თვითგაშოლტვით, თვითგანადგურებით მოგვრილ აღფრთოვანებას, სირცხვილით გამოწვეულ იმ ტკბობას, რასაც მორალურობის სფეროში შეესაბამება ფიზიკური ტკივილით მოგვრილი სიამოვნება, მაზოხიზმი“ (დ. მერეჟკოვსკი - „ავადმყოფი რუსეთი“).

დოსტოევსკიზე უკეთ რუსული ფსიქოლოგიის თავისებურებების („რუსული სულის“) შესახებ ალბათ არავის ესმის. იხილეთ აბზაცი მისი „მწერლის ჩანაწერებიდან“:

„მე ვთვლი, რომ რუსი ხალხის ყველაზე მთავარი, ყველაზე ძირითადი სულიერი მოთხოვნილება არის ტანჯვის მოთხოვნილება, განუწყვეტლივ და გაუმაძღრად, ყველგან და ყველაფერში, ის იწრაფვის საკუთარი თავის ტანჯვისკენ. როგორც ჩანს, თვითგვემის წყურვილით რუსეთი დასნებოვნებულია უხსოვარი დროიდან ... რუსი ხალხი თითქოს ტკბება საკუთარი თავისადმი მიყენებული ტანჯვით“.

(Я думаю, самая главная, самая коренная духовная потребность русского народа есть потребность страдания, всегдашнего и неутолимого, везде и во всем. Этою жаждою страдания он, кажется, заражен искони веков. ... Страданием своим русский народ как бы наслаждается)

ბუნებრივია, „რუსულ სულში“ გაცილებით მეტი რამ არსებობს, ვიდრე მაზოხისტური მხარე, მაგრამ მაზოხიზმი მსჭვალავს მას მთლიანად და სწორედ ამას გულისხმობს დოსტოევსკი. მისი ნაწარმოებების გმირებიც მთელი არსებით, სულიერი აღტყინებითა და სიხარულით, იღებენ დაუმსახურებულ სასჯელს, ტანჯვის გზით, უკიდურესი ხორციელი და სულიერი ასკეტიზმის საშუალებით პოულობენ „ხსნას“.

„დამცირებით მოგვრილი ტკბობის“ (сладость унижения) ჟინით მხოლოდ დოსტოევსკის პერსონაჟები არ არიან შეპყრობილი. რუსულ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული მორალური მაზოხიზმის დეტალური ანალიზისთვის ზემოთ მოხსენებულ ამერიკელ ავტორს (დანიელ რანკურ-ლაფერიერს) გავუწევდი მხურვალე რეკომენდაციას. ერთგან ის პირდაპირ აცხადებს, რომ მაზოხიზმი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს რუსული კულტურის მომხიბვლელობას და სილამაზეს: „რა დარჩებოდა ტატიანა ლარინას, დიმიტრი კარამაზოვის თუ ანა კარენინასგან, რომ არა მათი მაზოხიზმი? „განკურნე“ ისინი და მათი ესთეტიკური მიმზიდველობაც გაქრება“. მაგრამ, აგრძელებს ავტორი, „მაზოხიზმის სილამაზე, ისევე როგორც ყველა სახის სილამაზე, გარედან დამკვირვებლის წარმოსახვაში სუფევს“.

წარმოსახვა-ოცნებიდან რეალობაში გადმოტანილი რუსული ყოველდღიურობის (სადო)-მაზოხიზმის „ხიბლის“ შესახებ ცნობილ პუბლიცისტს და ფილოსოფოს პეტრე ჩაადაევს მოვუსმინოთ მისი „ფილოსოფიური წერილებიდან“ (ჩაადაევი თავისი ქვეყნის ხელისფლებას შეურაცხადად ჰყავდა გამოცხადებული): „რუსეთში ყველაფერს მონობის დაღი ასვია - წეს-ჩვეულებებს, მისწრაფებებს, განმანათლებლობას, თავად თავისუფლებასაც კი, თუკი ასეთი რამ არსებობს (რუსულ) გარემოში... რუსეთი ყველასგან გამორჩეული სამყაროა, ის ემორჩილება ერთი ადამიანის, ერქმევა მას პეტრე თუ ივანე, ნებას, კაპრიზს, ფანტაზიას... საწინააღმდეგოდ კაცობრიობის კანონისა, რუსეთი მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით, საკუთარი თავის და მეზობლების დამონებისკენ“.

თანამედროვე ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი, რომლის სიტყვის წონა რუსეთის ფენომენის გააზრებაში, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ უმნიშვნელოა, ერთგან საკმაოდ მშრალად აღნიშნავს: „მათთვის დამახასიათებელი მონური ჩვევების გარდა, რუს ხალხს დარღვეული აქვს ის მთავარი უნარი, რასაც სიცოცხლის სიყვარული, სიცოცხლის გემოს შეგრძნება ჰქვია... ისინი სიკვდილის ხიბლით არიან შეპყრობილნი“.

თუ მავანს მოყვანილი ციტატები კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებად და სიმართლის ავტორიტეტით განსაზღვრის მცდელობად წარმოუდგენია, შეუძლია გაიხსენოს, რომ მათში გატარებული აზრის შესატყვისი ესეების, ფილოსოფიური ტრაქტატებისა და ბელეტრისტიკის ნაკლულობას არც თანამედროვე, არც კლასიკური რუსული ენა და ლიტერატურა ნამდვილად არ განიცდის. მეორეც, ავტორიტეტის აზრი (და ამ სატატიაში მოყვანილი სახელები ასეთად უსათუოდ ჩაითვლებიან) მტკიცებულობის ერთ-ერთი ფორმაა ეპისტემოლოგიაში. ასეა თუ ისე, რუსულ რეალობასა და წარმოსახვაში (ფოლკლორი, ლიტერატურა, რელიგიური სწავლება და ა.შ.) გავრცელებული მაზოხისტური მორჩილება ძნელია ვერ დაინახო, როგორი პოეტური მეტაფორით და რაციონალიზაციითაც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი.

ავტოკრატიული მმართველობის ფორმა, რითაც ეს ქვეყანა გამოირჩევა (და მმართველობის სხვა ფორმას ის ფაქტობრივად არ იცნობს), მისთვის დამახასიათებელი „მონური მორჩილების და ჩვევების“ შედეგად უნდა გაიაზროს და არა ისე, რომ მეფის რუსეთის დესპოტიზმმა წარმოშვა სტალინის კომუნისტური ტირანია და შემდეგ - პუტინის ერთპიროვნული მმართველობა.

„თვითგვემით ტკბობასა და სიკვდილის სიყვარულზე“ აქცენტგადატანილი რუსული ცნობიერებისგან განსხვავებით, იმავე მამარდაშვილის აზრით, „ქართველებში არსებობს სიცოცხლის სიყვარულისადმი საოცარი სწრაფვა. ამას სიცოცხლის ნიჭს, ან უმიზეზო სიხარულის ნიჭს დავარქმევდი. ჩვენი სიხარული ჭეშმარიტად უკანონოა. არ არსებობს არავითარი საბაბი სამხიარულოდ, ჩვენ კი მაინც ვილხენთ და ვქეიფობთ, ისე, უმიზეზოდ. სიხარულის ზარი გუგუნებს ჩვენს სისხლში და ეს არის ჩვენი რეაქცია ბედის თუ უბედობის მიმართ“.

რამდენად ზუსტია ქართული ეროვნული მახასიათებლის მამარდაშვილისეული აღწერა, ეს მკითხველმა განსაჯოს. ერთი რამ ცხადია, ხასიათი „გენეტიკური კოდით“ სამუდამოდ გადაწყვეტილი, რკინა-ბეტონში ჩამჯდარი მდგომარეობა არ არის. ის იცვლება სხვასთან გაიგივებით, „იდენტიფიკაციით“. ქართული ანდაზა „ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო“ სწორედ ამ პროცესს ასახავს.

„იდენტიფიკაცია“ საერთო ნიშნების მოძიებით და მათზე დაყრდნობით „სხვისი“ მახასიათებლების საკუთარში შემოტანაა და ის ყველაზე ძირძველს და შეურყეველს ასხვაფერებს. ზედაპირულს, „ხარის ფერს“, ვინ დაეძებს, რა გარანტიაა, რომ უფრო სიღრმისეულს, „ზნეს“, ვთქვათ, „ქართული სიცოცხლის ნიჭს“ (თუ მამარდაშვილის განმარტებას მივიღებთ), ნელ-ნელა რუსული „სიკვდილის სიყვარული“ არ ჩაანაცვლებს? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსებთან საერთო იდეური და ემოციური დაინტერესების სფერო, სტალინი და „ერთმორწმუნეობა“, გვაკავშირებს.

სტალინით შეპყრობილობას თუ გვერდზე გადავდებთ, „ერთმორწმუნეობა“ (და არა საერთო წარსული, არა ერთობლივად გაღებული სისხლი, არა გეოგრაფიული სიახლოვე) არის ის მთავარი მაკავშირებელი, რაზეც „რუსულ სულთან“ გაიგივების პროცესი გადის.

„რაც უფრო დავუახლოვდებით ევროპას, მით უფრო დავკარგავთ ჩვენს მეობას და დავშორდებით ქრისტეს!“ - სულ უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმის ქართულ სოციალურ სივრცეში მავანის შეძახილი-მოწოდება. საქმე პირიქითაა. ქრისტესთან სიახლოვის გარანტორ რუსულ ეკლესიაზე გამავალი იდენტიფიკაცია „რუსულ სულთან“ უფრო სიღრმისეულად შეცვლის ჩვენს „მეობას“ - „სიკვდილის სიყვარული“, მაზოხიზმი, ხომ განსაკუთრებული სიმძაფრით ვლინდება რუსულ რელიგიურ აქტივობასა და სწავლებაში.

„ტანჯვა, როგორც მიზანი თავისთავად, როგორც უკიდურესი სიკეთე, რუსული რელიგიური მრწამსის უძვირფასესი თვისებაა“, წერდა გიორგი ფედოტოვი, ცნობილი რუსი თეოლოგი ფილოსოფოსი და რუსული რელიგიის ისტორიკოსი ( გ. ფედოტოვი - „რუსული რელიგიური აზროვნება“).

ანუ ყოველგვარი მიზნისგან (იქნება ეს მოყვასის სიყვარული, გაჭირვებულის თანადგომა, სხვისი ან საკუთარი ემოციური თუ ფიზიკური ტვირთის შემსუბუქება და ა.შ.) დაცლილი, სიკეთის რეგისტრში აყვანილი თვითგვემა, ტანჯვა ტანჯვის გულისთვის, განსაზღვრავს რუსულ ეკლესიურ სწავლებას.

რუსულ ფსიქიკაში სულიერ აღზევება-სათნოებასა და ძალმომრეობას (საკუთარ თავსა და სხვაზე) შორის არსებულ აუცილებელ კავშირს გულისხმობს ნიკოლაი ბერდიაევი, როცა წერს: „რუსეთი სულიერი თრობის ფანტასტიკური ქვეყანაა, ქვეყანა ხლისტების, თვითდამწველების, დუხობორების“ (Бердяев, “Русская Душа”). თვითდამწველები ბერდიაევს აქ ძველმორწმუნეების, ანუ „სტაროვერების“ მისამართით აქვს ნათქვამი.

თვითდამწველი „სტაროვერების“, საკუთარი თავის გამმათრახებელი ხლისტების და ემოციურად თვითმკვლელი დუხობორების გაიგივება რუსეთთან სწორედ იმ მაზოხისტურ იმპულსს უსვამს ხაზს, რაც რუსულ „სულიერ თრობას“, ზოგადად ამ ქვეყანას და, შესაბამისად, მის ეკლესიას ახასიათებს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის დასაზუსტებელია შემდეგი: „სტაროვერები“ არიან რუსი ქრისტიანები, რომლებმაც ოფიციალური ეკლესიის იერარქიიდან წამოსულ ბრძანებას ზოგიერთი რიტუალის ბერძნულ ორთოდოქსულ ყაიდაზე გადაკეთების შესახებ (მაგალითად, პირჯვრის სამი თითით გადაწერა ორის ნაცვლად), საკმაოდ ბუნდოვანი თეოლოგიური არგუმენტები დაუპირისპირეს, ცენტრალური ეკლესია ანტიქრისტიანულად შერაცხეს და მის „ეშმაკისეულ სწავლებას“ მასობრივი თავისდაწვის რიტუალური პრაქტიკით „შეებნენ“. სტაროვერები ყოველგვარი შეფარვის გარეშე განადიდებდნენ ამ რიტუალს (თვითმკვლელობას თავის დაწვით) და მას „ცეცხლით მონათვლას“ უწოდებდნენ. რუსულ ანალებში კარგად არის დოკუმენტირებული მასობრივი თვითდაწვის ასეულობით შემთხვევა ათიათასობით მსხვერპლით.

„ხლისტების“ (ესეც რუსულ ქრისტიანულ წიაღში არსებული სექტაა) სულიერი ექსტაზის მიღწევის მიზნით თვითგამათრახების პრაქტიკა შიიტური ისლამის „შახსეი-ვახსეის“ წეს-ჩვეულების მსგავსია. პირველი, ქრისტეს წამების რიტუალური განცდაა, ხოლო მეორე - იმამ ჰუსეინის ტანჯვის. აქვე მოსახსენიებელია ხლისტური თვითგვემის უკიდურესი ფორმა - „სკოპცების“ თვითდასაჭურისების გავრცელებული რიტუალი.

„დუხობორები“ ბერდიაევს მოყვანილი ჰყავს, როგორც ე.წ. სულიერი ქრისტიანების თვალსაჩინო მაგალითი და ამ კონტექსტში გამოყოფს ლევ ტოლსტოის სულიერ ძიებებს. „დუხობორ-ტოლსტოელების“ სწავლებისთვის დამახასიათებელია პიროვნების უარყოფა, უკიდურესი პრიმიტივიზმისკენ სწრაფვა, კოლექტივში გათქვეფა და, შესაბამისად, ერთგვარი ფსიქოლოგიური მაზოხიზმი, როდესაც „სულიერი ხსნის“ ძიება გამარტივებულ ჯგუფურ ერთფეროვნებაში ჩაკარგვით მთავრდება.

სხეულის ხლისტურად დამსაჭურისებელი და ემოციების დუხაბორულად მომაკვდინებელი რიტუალების და მიდრეკილებების მსგავსი, ქართული ეკლესიის ისტორიაში აღწერილი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ ცეცხლით თავის დაწვის „სტაროვერულ“ ვნებებზე. ანუ, რუსული სადო-მაზოხიზმი სრული სისავსით (ჯერჯერობით) ქართულ რელიგიაში არ ვლინდება. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მიწიერი ძალაუფლების მოყვარული, „ჯიპზე“ შემომჯდარი „მამაო“ შვებისმომგვრელი სურათია მითოლოგიურ თვითმგვემ „სტარეცსა“ თუ სტაროვერ/ხლისტთან შედარებით.

რუსული ეკლესიის ტანჯვის კულტის გადმოქართულება-გათავისება მთლად ყურითმოთრეული საშიშროება რომ არ არის, ამაზე ამჟამინდელი ქართული ეკლესიის ულტრაორთოდოქსული (რუსულზე უფრო) მსოფლმხედველობაც მიანიშნებს. თუნდაც კრეტის კრებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია რად ღირს! ისეთი პირი უჩანს, რომ „ხარმა“ ფერი უკვე იცვალა, ჯერი „ზნეზეა“.

ორასწლიანი იძულებითი კავშირი არ ნიშნავს, რომ „რუსული სულის“ ტრავმული იმპორტისგან დაცულები ვართ. უფრო პირიქითაა - ტრავმას, როგორც წესი, აკვიატებული გამეორება ახასიათებს.

კომენტარები