არჩევნების შემდეგ, ბიუჯეტის დაუყოვნებლივი კორექტირება იქნება საჭირო

iStockPhoto

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალას არჩევნებიდან მალევე საკმაოდ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. საქმე ბიუჯეტის კორექტირებას ეხება, რისი მიზეზიც საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტია. 10 აგვისტოს მდგომარეობით, პროგრამისთვის გათვალისწინებული 570 მილიონის 71% უკვე დახარჯულია, დარჩენილი 29% კი ხარჯვის ამ ტემპის გაგრძელების შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოიწურება. ახალ არჩეულ მთავრობასა და პარლამენტს კი პროგრამის გაგრძელებისთვის ოქტომბერშივე ბიუჯეტის კორექტირებისთვის მოუწევს მომზადება.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 10 აგვისტოს მდგომარეობით საყოველთაო ჯანდაცვაზე 409 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა. წლის დასაწყისიდან გასულია 223 დღე, დღეში კი პროგრამაზე საშუალოდ 1.83 მილიონი ლარი იხარჯებოდა. ხარჯვის არსებული ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, პროგრამის ბიუჯეტი წლის 311 დღეს, ანუ 7 ნოემბერს ამოიწურება. ხარჯვის არსებულ ტემპებზე დაყრდნობით პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 97 მილიონით, 667 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი გასულ წელსაც არ ეყო. პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. გასულ წელს პროგრამის ბიუჯეტი 566 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს კი მთავრობამ ბიუჯეტით ამაზე მხოლოდ 4 მილიონი ლარით მეტი გაითვალისწინა.

წლის ბოლოს ბიუჯეტის ხარჯების ზრდამ შესაძლოა, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა გამოიწვიოს. 

კომენტარები