VTB-ის დირექტორი: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სადამსჯელო ინსტრუმენტია

VTB ბანკის დირექტორი არჩილ კონცელიძე
VTB.ge

16 ივნისს ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ცვლილებათა პაკეტი, რომლის შედეგადაც კომერციულ ბანკებს ლარში სახსრების მოზიდვა გაუიაფდათ, უცხოურ ვალუტაში კი -გაუძვირდათ. საქმე ეხება კომერციული ბანკებისთვის დაწესებულ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, რომელთა ცვლილებითაც ეროვნულ ბანკს ამა თუ იმ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობის გაზრდა/შემცირება შეუძლია. 16 ივნისიდან ლარში სარეზერვო ნორმა 10%-დან 7%-მდე შემცირდა, დოლარში კი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.

VTB ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე ბიზნესკონტრაქტთან საუბარში ამბობს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დოლარში მინიმალური სარეზევრო მოთხოვნების ზრდასთან დაკავშირებით, უფრო მეტად სადამსჯელო ინსტრუმენტს ჰგავს და ის ლარში დაკრედიტების მოცულობის ხელშესაწყობად ეფექტური არ იქნება.

"ეს გადაწყვეტილება არ მომწონს. ვფიქრობ, ეს არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ლარიზაციას. უფრო დიდი პრობლემაა გრძელვადიანი ლარის არსებობა. შესაბამისად, თუ პრობლემის გადაჭრა გვინდა, უნდა ვიფიქროთ გრძელ ლარზე, ვიდრე გრძელი დოლარის შემცირებაზე. ამიტომ მოსახლეობა უფრო აირჩევს ლარს, ვიდრე დოლარს, რადგან დოლარი ცოტა გაძვირდება. ანუ იქონიებს გავლენას, მაგრამ ეს უფრო რაღაც დამსჯელი ინსტრუმენტია, ვიდრე ხელშემწყობი და მე მაინც ყოველთვის უფრო ხელშემწყობი ინსტრუმენტის მომხრე ვარ. აქედან გამომდინარე, არ მიხარია და არ მომწონს არცერთი დამსჯელი ინსტრუმენტი", - ამბობს კონცელიძე.

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია კი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკამ ლარში გაცემული სესხების მოცულობის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს, რისი ტენდენციაც ბაზარზე უკვე შეინიშნება. კიკორია არ ამბობს, გამოიწვევს თუ არა მინიმალური სარეზევრო მოთხოვნების ცვლილება უცხოურ ვალუტაში სესხების გაძვირებას.

"სარეზერვო მოთხოვნების ცვლილებით ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს ბანკების მიერ დაკრედიტების მოცულობაზე და საპროცენტო განაკვეთებზე. უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უცხოური ვალუტით სესხების საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედების საშუალება. მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდა აძვირებს ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს, რაც შესაბამისად იწვევს გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდასაც", - წერია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

კომენტარები