ზეწოლა ინსტიტუციებზე

პროკურატურამ პრეზიდენტისა და პაპუაშვილის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით.

გუშინ პრეზიდენტ გ. მარგველაშვილის მიერ ტელევიზიით საჯაროდ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის წევრის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის მცდელობის ფაქტს, რაც გამოიხატა ხსენებული პირის მიმართ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების წარმოებაში.

ვითარებაში გარკვევის მიზნით მთავარი პროკურატურის მიერ შს სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლის მიხედვითაც ირკვევა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პრეზიდენტ გ. მარგველაშვილის სიძის - მინდია გოგოჭურის მიმართ პოლიციელების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფაქტი, რაც ასევე დადასტურდა შს სამინისტროს პრესსამსახურის საჯარო განცხადებითაც.

პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, იმის დასადგენად, შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ხომ არ ჰქონდა მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ადგილი.

ამავდროულად, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში  სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 157მუხლის I ნაწილით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილეთ ზეწოლაზე პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები.

კომენტარები