ზეწოლა მოსამართლეებზე

პრეზიდენტს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურს

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა სურს, რათა, მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ "საშიშ ტენდენციებს" სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი გაეცეს. პრეზიდენტი ბრიფინგამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდა, სადაც პაპუაშვილი მას მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე დეტალურად ესაუბრა.

"პირველ რიგში, მინდა, საზოგადოებას გავუზიარო ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები, რბილად რომ ვთქვათ, როგორც მინიმუმ, იყო გაუგებარი. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, ვფიქრობ, უნდა იყოს პოლიტიკოსების შეშფოთება. ბუნებრივია, უნდა იყოს ამ საქმეში დეტალური გარკვევის მცდელობა.

დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან მე კონკრეტული ფაქტები დამისახელა. ეს ფაქტები შემაშფოთებელია გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლო, და ისეთ თანამდებობის პირებს, როგორებიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომელთაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობაზე.

სამწუხაროდ, მინდა, მოგახსენოთ, რომ მე ამ ფაქტებმა არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, ახალი არ არის. დაახლოებით 1 თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო, გარკვეული სამართალდამცველების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა. ეს იყო რეალურად იმიტაცია. აქედან გამომდინარე, რაც მე მითხრა ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის.

კარგა ხანია, ვსაუბრობ იმაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად პასუხგაცემული. კორცხელის შემთხვევა მისცემს გარკვეულ ტენდენციებს და ბიძგებს და ეს სინდრომი განსაკუთრებით არჩევნებვის პროცესში იქნება ძალიან რთული ყველასთვის. ძალიან ნათელი პასუხი უნდა გავცეთ იმას, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და, ასე ვთქვათ, რაღაც ჯგუფებს შორის შეთანხმებული მოქმედება.

ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში. მაგრამ აგრეთვე ჩნდება უფრო დაბალ დონეზე რაღაც კავშირების ჩამოყალიბების ტენდენციები.

აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი, მშვიდი, დემოკრატიული პროცესი, იმისთვის, რომ დავიცვათ არჩევნები, იმისთვის, რომ დავიცვათ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ შევხვდე საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება, პოლიტიკურ ცხოვრებაში გავცეთ სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი", - თქვა პრეზიდენტმა ბრიფინგზე.

გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა.

 

იხილეთ სტატია პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის მცდელობაზე.

კომენტარები