ქუთაისის მერია

ქუთაისის მერის მრჩეველი: ვეცდები, მერს გამოვადგე, თუ არა და, რა ვქნა

თემურ ლანჩავა
freetv

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ლანჩავა სახელოვნებო, კულტურულ და საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

"მერმაც შემომთავაზა და მეც მქონდა თხოვნა იმიტომ, რომ ამხელა ჟურნალს ვაკეთებ ერთი მანეთი არ მქვს, იმხელა გაზეთს ვაკეთებ – მანეთი არ მაქვს, აკადემიას ვხელმძღვანელობ – მანეთი არა მაქვს. ბოლოს და ბოლოს, ცოდვა არა ვარ? მანეთი არა მაქვს. მე ვთხოვე, ვუთხარი - გავივსე ვალებით. არცერთი ბანკი არ არის, ვალი რომ არ მქონდეს. ვენაცვალე მაგას, მადლობელი ვარ. შევიდა მდგომარეობაში - დამნიშნა. თუ გამოვადგები და თუ რამეს გავუკეთებ ვეცდები, თუ არა და, რა ვქნა. მინდა, რომ მოვეხმარო მაგასაც, ჩემს ქალაქსაც, ჩემს თავსაც", - უთხრა ლანჩავამ ქუთაისიპოსტს.

გამოცემის ინფორმაციით, ქუთაისის მერს 2015 წლის მდგომარეობით სამი მრჩეველი ჰყავდა. თითოეულის მათგანის ყოველთვიური ხელფასი 1 200 ლარია.

კომენტარები