უზენაესი სასამართლო

პრეზიდენტმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატად ლევან ბოძაშვილი წარადგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა პარლამენტის მიერ არის საკითხი, რომელშიც სასამართლოს ინსტიტუციური ინტერესი დევს. მისი თქმით, იგი დიდი ხანია ელოდება პარლამენტის მიერ როგორც სასამართლო რეფორმის შესახებ კანონის განხილვას, ასევე მის მიერ წარდგენილი კანდიდატების განხილვასაც. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატის შემდეგ, არსებობდა კითხვები მესამე კანდიდატთან დაკავშირებით, რადგან ანა დოლიძე, რომელიც მესამე კანდიდატი იყო, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა. პრეზიდენტის თქმით, ბოძაშვილის კანდიდატურის წარდგენა არის პასუხი ამ კითხვებზე.

"მე უკვე ბევრი თვეა ველოდები იმას, რომ პარლამენტმა გულისყურით განიხილოს სასამართლოს რეფორმა და, აგრეთვე, განიხილოს ის კანდიდატები, რომლებსაც მე წარვადგენ პარლამენტში. ცოტა ხნის წინ მე წინა წარდგენა გავიმეორე და წარვადგინე ორი მოსამართლე, იყო კითხვები მესამე მოსამართლესთან დაკავშირებით. ქალბატონი ანა დოლიძე, რომელიც იყო მესამე კანდიდატი, გადმოვიდა ჩვენთან საპარლამენტო მდივნად და მიიღო ნათელი დავალება, რომ ძალიან აქტიურად ემუშავა პარლამენტთან სწორედ სასამართლო რეფორმისა და მოსამართლეთა განმწესების საკითხებზე და ამ კითხვებს ჩვენ ვპასუხობთ დღეს და წარვადგენთ, სწორედაც რომ, მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი პროფესიული, მორალური სტანდარტების ადამიანს, ბატონ ლევან ბოძაშვილს, რომელიც მუშაობდა ჩვენთან უშიშროების საბჭოში და რომელსაც გააჩნია მიუკერძოებელი, უმწიკვლო წარსული თავის მოღვაწეობაში", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ პარლამენტი საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიიღებს კანონს სასამართლო რეფორმის შესახებ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სასამართლო ვერ განხორციელდება მოსამართლეების გარეშე. პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ამ საკითხებზე პარლამენტთან თანამშრომლობისთვის.

"მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტში არიან, გულისყურით მოეკიდებიან როგორც იმას, რომ საბოლოოდ მესამე მოსმენით უნდა იქნას მიღებული კანონი სასამართლო სისტემის შესახებ, ასევე იმასაც, რომ მე უკვე წარვადგინე მოსამართლის სამი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოსთვის და, ასევე, გულისყურით მოეკიდებიან იმ ფაქტსაც, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ეს მოსამართლეები. სასამართლო ვერ განხორციელდება მოსამართლეების გარეშე, ეს მარტივი ჭეშმარიტება, იმედია, გასაგებია და ამას უნდა მივუდგეთ გულისყურით. შესაბამისად, მე დღეს წარვადგენ ბატონ ლევანს და ქალბატონ ანას ვაძლევ დავალებას, რომ ამ ორივე საკითხზე აქტიურად იმუშაოს საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი არსებობს, ის არავის დაუთხოვნია, მას შეუძლია სექტემბერში ან სექტემბრამდე შეიკრიბოს და ამ ორივე საკითხზე მე მზად ვარ, ვითანამშრომლო პარლამენტთან, რომელიც ამ ეტაპზე გასულია საზაფხულო შესვენებაზე", - თქვა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად პარლამენტს ნანა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები ხელმეორედ, 27 ივნისს წარუდგინა. პირველი წარდგენისას, პარლამენტმა მათ მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები