რუსთავი 2-ის საქმე

პრეზიდენტი R2-ზე: იმედია, უზენაესის გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს მოხსნის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი ორთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშანს მოხსნის. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ რუსთავი ორის საკითხი უკავშირდება ქვეყნის იმიჯსაც.

"რუსთავი ორი არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ცნობადობის თემა. ეს არის საკითხი, რომელსაც იხილავს მთელი საზოგადოება, მეტიც, მე არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც დაგიდასტურებთ, რომ არა მარტო ქართული საზოგადოების და ქართული პოლიტიკური სპექტრის, არამედ, როდესაც მე მაქვს ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში და შეხვედრები ევროპელ პოლიტიკოსებთან, ყველა შეხვედრაზე რუსთავი ორის შესახებ მეკითხებიან. რუსთავი ორის თემა აქტუალურია და განიხილება საარჩევნო კამპანიის და არჩევნების კონტექსტშიც. რუსთავი ორის თემა უკავშირდება ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც და მე მაქვს დარწმუნებულობა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც არ დაბადებს კითხვის ნიშნებს", - თქვა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში რუსთავი ორის საქმეზე ქართველი პოლიტიკოსების კომენტარებთან დაკავშირებითაც უსვამდნენ კითხვებს.

"კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რა კომენტარებს აფიქსირებდნენ პოლიტიკოსები ამ საქმესთან დაკავშირებით, არაერთი მომისმენია ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში. შესაბამისად, მე არ გავაკეთებ საქმეზე კომენტარს, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, მაგრამ იმას დაგიდასტურებთ, რომ კითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა დედაქალაქში სვამენ. შესაბამისად, იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომელიც მოხსნის ყველა კითხვის ნიშანს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანეს. ადვოკატების განცხადებით, საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისთვის.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 10 ივნისს გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძემ თავად აღნიშნა, რომ მხარე გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა, სასამართლომ მხარეებს გადაწყვეტილება 12 დღეში, 22 ივნისს გაუგზავნა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეიძლება მისი ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში. რუსთავი 2-ის ადვოკატების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება მხარეებს ადრე გაუგზავნა, მათ 18 დღე მოპარა. მათივე მოსაზრებით, ხელისუფლების დავალებაა, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღოს. 
 
ამასთან დაკავშირებით, გუშინ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უზენაეს სასამართლოსთან საგანგებო მიმართვა გააკეთეს. მათი განცხადებით, მოსამართლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ რუსთავი ორის დაცვა არ არის ერთი რომელიმე პარტიის ინტერესი. ისინი მოუწოდებენ უზენაეს სასამართლოს, განიხილოს რუსთავი ორის საქმე და იმოქმედოს "არა ერთი მოქალაქის ახირების, არამედ საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვით". სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტს და საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავენ. ისინი აღნიშნავენ, რომ არ დაუშვებენ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას.

კომენტარები