რუსთავი 2-ის საქმე

ძაგნიძე რ2-ზე: საკითხი ეხება მთლიანად ჩვენი კონსტიტუციური სისტემის წესრიგს

ტაბულა

TV საქართველოს ადვოკატის დიმიტრი ძაგნიძის თქმით, რუსთავი 2-ის საქმე ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის ისეთ კონსტიტუციურ ღირებულებებს, როგორებიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამ საკითხზე ძაგნიძემ ტელეკოპანია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსთავი 2-ის საქმის იზოლირება მედიის თავისუფლებისგან შეუძლებელია, თუმცა "აქამდე განვლილი გზა იმედისმომცემი არაა". 

„საკითხი, გარდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისა, რომელიც თითქოსდა ორ კერძო პირს შორის დავა ყოფილა, რაც ღიმილის მომგვრელია, ეხება ფუნდამენტური მნიშვნელობის კონსტიტუციურ ღირებულებებს, იმ წესრიგს, რაზეც დგას მთლიანად ჩვენი კონსტიტუციური სისტემა. პირველ რიგში, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ საერთოდ არ არსებობს. კონკრეტულად ამ საქმეზე არ არსებობს, ვინაიდან სასამართლოს მიერ ხდება საკუთარი თავისთვის რაღაცა კომპეტენციის მინიჭება. მაგალითად, ახლა მიითვისეს საფელდეგერო მომსახურება და, კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, დაატარებენ გადაწყვეტილებებს, რაც კანონს ეწინააღმდეგება. თქვენ ხედავდით, რომ ჩვენ არათუ სიტყვის უფლება არ მოგვცეს, არამედ ტექნიკური საშუალებებიც კი გაანადგურეს, მთლიანად გამოაერთეს მიკროფონი იმისათვის, რომ ჩვენ არ გვესაუბრა. ამავდროულად, ხდება კანონის იმგვარი დამახინჯება, რაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კანონმდებლის ნებას, აზრზს და კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება ამავე მოსამართლეების მიერ მანადე მიღებულ გადაწყვეტილებებს. რაც მთავარია, საკითხი შეეხება მედიის თავისუფლებას, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. ეს ეჭვგარეშეა, რომ ასეა, ვინაიდან მოსამართლე ურთმელიძემაც თავი ვერ აარიდა ამის დადასტურებას, ვინდაიდან იმ ავადსახსენებელ განჩინებაში, რომელმაც დროებითი მმართველის სახით ახალი თითქოსდა ნოვატორული ინსტიტუტი შემოიტანა, თვითონვე პირდაპირ საეთერო ბადის ცენზურის ფუნქცია მიანიჭა იმ ორ ადამიანს და, გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ როდესაც მიიღო წარმოებაში ჩვენ მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელები ნორმის მოქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ვიწროდ განმარტა და კონკრეტულად დაუკავშირა მედია საშუალებებს, ამიტომ ამ თემის იზოლირება სიტყვის თავისუფლებისგან, მედია თავისუფლებისგან, ალბათ, შეუძლებელი იქნება, ამიტომ სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, თუ არა საქმის არსებითი განხილვის გზით ჩვენი ლეგიტიმური მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა ჩვენ მიერ განვლილი გზა დამაიდებელ განცდებს არ ტოვებს. ჩვენ ყველანაირ გზას გამოვიყენებთ, რაც მონიჭებული გვაქვს კანონით იმისათვის, რომ ჩვენი ინტერესები დავიცვათ," - თქვა დიმიტრი ძაგნიძემ.

ცნობისათვის, სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის იურისტების მოთხოვნა განჩინებაში უზუსტობის გასწორების შესახებ არ დააკმაყოფილა. განჩინება რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დღეს მიიღეს.

რუსთავი2-ის იურისტები უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ. განჩინების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში 12 დღის ვადაშია შესაძლებელი.

 

კომენტარები