Brexit

ბადრიძე: ევროკავშირმა უნდა გამოიღვიძოს და სასწრაფოდ დაიწყოს რეფორმირება

გიორგი ბადრიძე
Caspian TV

რა გამოწვევების წინაშე დადგნენ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მას შემდეგ, რაც რეფერენდუმის მიხედვით, მოსახლეობის 51.89%-მა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, როგორ წარიმართება დიდი ბრიტანეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და რა გავლენა ექნება Brexit-ს საქართველოსა და დანარჩენ ევროპაზე? – „ტაბულას“ შეკითხვებს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მთავარი მკვლევარი და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიორგი ბადრიძე, პასუხობს.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფის მომხრეების ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი ეკონომიკურ ასპექტებს შეეხებოდა. კერძოდ იმას, რომ ბრიტანეთი გათავისუფლდება ევროკავშირის რეგულაციებისგან და შეეძლებათ, რომ უფრო სწრაფად გააფორმონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ევროკავშირში ყოფნა რამდენად უზღუდავდა ბრიტანეთს შესაძლებლობას, რომ ჰქონოდა თავისუფალი ვაჭრობა მზარდ ეკონომიკებთან და როგორია თქვენი მოლოდინი, როგორ გაგრძელდება ეკონომიკური პროცესები ბრიტანეთისთვის?

ბრიტანეთი, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირიდან გამოდის, აპირებს, რომ დარჩეს მასზე დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანეთი იქნება საერთო ბაზრის მონაწილე მხარე. ისე, როგორც მაგალითად, ნორვეგია. ეს ნიშნავს იმას, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვან, 50%-ზე დიდი მოცულობის სავაჭრო ბრუნვა ბრიტანეთს სწორედ ევროკავშირთან აქვს. აი, ამ ზომის და ამ მნიშვნელობის ბაზარზე ის დამოკიდებული კვლავაც დარჩება, მაგრამ მას აღარ ექნება ამ ბაზრის ფუნქციონირებაზე რაიმე გავლენა, რომელიც მას აქამდე ჰქონდა. ბრიტანეთი, ასევე, კარგავს ხმის უფლებას იმაში, თუ როგორ მოლაპარაკებებს აწარმოებს ეს დიდი სავაჭრო ბლოკი სხვა წამყვან სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიც არის, მაგალითად, აშშ. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ტრანსატლანტიკური სავაჭრო პარტნიორობის შესახებ. ბრიტანეთი დღემდე იყო ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი. ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე გააფორმებს სავაჭრო ხელშეკრულებას აშშ-სთან.

არ არის მართალი, რომ ბრიტანეთს აღარ მოუწევს საწევრო შესატანის შეტანა. შეიძლება, უბრალოდ, თანხა იყოს უფრო ნაკლები, მაგრამ თავისი ფინანსური კონტრიბუციის შეტანა მოუწევს ამ სავაჭრო ბლოკში დარჩენის საფასურად. რასაც ბრიტანეთი იხდიდა საწევრო შენატანის სახით, ზუსტად იმის ნახევარი უბრუნდებოდა უკან. ის, რასაც პოპულისტური პროპაგანდის სახით Brexit-ის მხარდამჭერი ლიდერები პირდებოდნენ თავიანთ მოსახლეობას, უბრალოდ, იყო ტყუილი, რომელიც ნაიჯელ ფარაჟმა უკვე აღიარა.

რაც შეეხება მესამე ასპექტს, ბრიტანეთის მხრიდან სავაჭრო ურთიერთობის დამყარება დიდ, არაევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, როგორებიც არიან აშშ, ჩინეთი, იაპონია და სხვები. აშშ-ს პრეზიდენტმა უკვე აპრილში გამოაცხადა, რომ მიუხედავად უმსხვილესი ურთიერთობისა ამ ორ ქვეყანას შორის, არ უნდა ელოდოს, რომ ბრიტანეთს რიგგარეშედ მისცემენ საშუალებას, რომ ახალ სავაჭრო ორმხრივ ურთიერთობაზე შეთანხმდნენ. ძალიან დიდი ამბავია ამგვარი გარიგების დადება ორ დიდ ქვეყანას შორის. დავუშვათ, მოხდა სასწაული და ყველა მთავარი პარტნიორი ერთობლივად დათანხმდა ბრიტანეთთან რიგგარეშედ მუშაობას, თვითონ ბრიტანეთს სად აქვს ისეთი ადამიანური რესურსი, რომ ამდენ დიდ პარტნიორთან ერთდროულად აწარმოოს მოლაპარაკებები. ვინც ამტკიცებს, რომ ბრიტანეთი სრულიად უმტკივნეულოდ და მალე დაამყარებს ამ სავაჭრო შეთანხმებებს, არ წარმოუდგენია, რასთან არის დაკავშირებული ეკონომიკური მოლაპარაკება და ამხელა მნიშვნელობის შეთანხმებები. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, იქნება პრიორიტეტული სავაჭრო პარტნიორი ბევრი ქვეყნისათვის, მაგრამ ამის გადალაგება ახალ ყაიდაზე, მოითხოვს რესურსებს, ენერგიასა და დროს. ეს დრო ბრიტანეთს საინვესტიციო კლიმატის შესანარჩუნებლად არ აქვს. ეს უკვე აისახა კიდეც ბრიტანეთის საფონდო ბირჟებზე, მისი კომპანიების მდგომარეობასა და ღირებულებაზე.

საკითხი არც უნდა იდგეს ასე - გადარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირის გარეშე? რა თქმა უნდა, გადარჩება და არც ძალიან მნიშვნელოვნად გაღარიბდება, მაგრამ საკითხი დგას შემდეგნაირად: ბრიტანეთისთვის ევროკავშირი იყო მეტი კეთილდღეობის მომტანი მექანიზმი, თუ არა?

მე არ ვამტკიცებ, რომ ბრიტანეთი დაიღუპება ევროკავშირის გარეშე. ის უზარმაზარი სახელმწიფოა, უზარმაზარი ისტორიით. ეს არის ცივილიზაცია, რომელმაც, ასე ვთქვათ, აჩუქა დანარჩენ სამყაროს ის პოლიტიკური მოდელი, რომელმაც კეთილდღეობა მოუტანა ამდენ ერს. საკითხი არც უნდა იდგეს ასე - გადარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირის გარეშე? რა თქმა უნდა, გადარჩება და არც ძალიან მნიშვნელოვნად გაღარიბდება, მაგრამ საკითხი დგას შემდეგნაირად: ბრიტანეთისთვის ევროკავშირი იყო მეტი კეთილდღეობის მომტანი მექანიზმი, თუ არა?

მე ვაღიარებ, რომ ევროკავშირს სჭირდება სერიოზული გადახალისება, რომ Brexit-ის მომხრეებისთვის ევროსკეპტიციზმი არ წარმოშობილა ფაქტობრივად ცარიელ ადგილას, მაგრამ ჩემი აზრით, სერიოზული საკითხი იყო ევროკავშირის რეფორმირებაზე მუშაობა და არა, უბრალოდ, მისი დატოვება.

იმ შემთხვევაში თუ არ დაიწყება ევროკავშირის რეფორმირება და გადახალისება, შესაძლოა, თუ არა, რომ ევროსკეპტიციზმი გაძლიერდეს და ჯაჭვური რეაქცია იქონიოს მასში შემავალი სხვა ქვეყნებისთვის?

მე არ ვარ აპოლოგეტი ერთგვარი ფედერალური ევროპის და ბრიტანეთის გადაწყვეტილება ამ მიზეზით არ ყოფილა ჩემთვის არასასურველი. თუმცა, რაც ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილებამ გამოააშკარავა, არის ევროკავშირის რეფორმირების სასწრაფო აუცილებლობა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს იმის გააზრება, რომ ასეთი ტემპით ფედერაციისკენ სვლა ყველასთვის მისაღები არ არის. და მეორე - ეკონომიკური რეგულირებები. ბევრად უფრო შორს წავიდა ევროკავშირი, ვიდრე ქვეყნების უმეტესობისათვის არის მისაღები. არსებობს იმის რისკი, რომ ეს კავშირი ნელ-ნელა დაემსგავსოს საბჭოთა კავშირს.

ასე რომ, ევროკავშირმა უნდა გამოიღვიძოს და სასწრაფოდ, ენერგიულად უნდა დაიწყოს რეფორმირება, თუ უნდა მას მომავალი. არაევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც არსებობს არაევროპული ძალები, რასაც ეხმარება ვლადიმერ პუტინი და მისი პოლიტიკური სისტემა. პირველი, ვინც იზეიმა ბრიტანეთის გადაწყვეტილება, სწორედ ის იყო. ასე რომ, არის კრიზისის ნიშანი. თვითრეფორმირება არის ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ გააგრძელოს ის გზა, რომელზეც ის უკვე რამდენიმე ათწლეულია დგას.

ევროკავშირი გახლავთ ის პროექტი, რომელმაც ევროპას მოუტანა 75-წლიანი მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობის მუდმივი ზრდა. იგივე, რაც შეეხება ბრიტანეთს, მე შევახსენებდი ჩემს მეგობრებს, თუ როგორი ბრიტანეთი გახდა ევროპული თანამეგობრობის წევრი და როგორი ტოვებს და ამ ძალიან დიდ კონტრასტში, დიდი წვლილი შეიტანა სწორედ ევროკავშირის წევრობამ. ბრიტანეთის მხრიდან ევროკავშირის კრიტიკა უსაფუძვლო არ ყოფილა, რადგან კონკურენციაზე დამყარებული კავშირი გადაიქცა ზედმეტად ცენტრალიზებულ, პოლიტიკურ, მემარცხენე გაერთიანებად. ამას სერიოზული მიხედვა სჭირდება.

შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიაში მოსახლეობის დიდი რაოდენობა ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს. რეფერენდუმის მსგავსი შედეგი ხომ არ გამოიწვევს ამ ორი ერის გამოყოფას?

Brexit-ის პირდაპირი შედეგია ის, რომ შოტლანდიის სეპარატისტულად განწყობილმა პოლიტიკურმა ნაწილმა, მოიპოვეს სრულიად ლეგიტიმური ახალი საბაბი იმისათვის, რომ დაეწყოთ ლაპარაკი ახალ რეფერენდუმზე. შოტლანდიელებმა თავის დროზე ხმა მისცეს იმას, რომ დარჩენილიყვნენ იმ ბრიტანეთში, რომელიც იყო ევროკავშირის ნაწილი. უფრო მეტიც, ეს იყო პროცესი ირლანდიაში, რომელიც მთლიანად იყო დაფუძნებული ევროკავშირის ფარგლებში ამ კონფლიქტური სიტუაციის მორგებაზე. კერძოდ იმაზე, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და დანარჩენ ირლანდიას შორის, ფაქტობრივად, საზღვარი აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. იმიტომ, რომ ეს ორად გაყოფილი ერი თავს მოიაზრებს ევროკავშირის ნაწილად. ათასობით ადამიანი, ორივე მხრიდან, ყოველდღიურად მოძრაობს სამსახურში, სასწავლებელში და ა.შ. Brexit-ის შედეგად კი, ბრიტანეთი ვალდებულია, აღადგინოს საზღვარი ჩრდილოეთ ირლანდიასა და დანარჩენ ირლანდიას შორის.

მას შემდეგ, რაც დევიდ კამერონმა გააკეთა განცხადება, პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით. რას ფიქრობთ, ვის რა შანსი ექნება, რომ გახდეს დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი?

ბრიტანეთის უახლოეს ისტორიაში პირველად პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ჩემთვის სრულიად მიუღებელი პოპულისტური ნაბიჯები გადადგეს. კონსერვატული პარტიისა და Brexit-ის ინიციატივის ლიდერმა, ბორის ჯონსონმა ეს კამპანია გამოიყენა პარტიის ლიდერობისა და პრემიერმინისტრის სავარძლის ხელში ჩასაგდებად.

მან ტრამპის მსგავსი პოპულიზმის, დაშინების, მიგრაციის თაობაზე განუწყვეტლად არასწორად საუბრის მანერა გამოიყენა (მიუხედავად იმისა, რომ იცის, ევროკავშირიდან გამოსვლა მიგრაციის იმ ნაწილს, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ ბრიტანელებს, არ შეცვლის).

მე არ ვარ აპოლოგეტი ერთგვარი ფედერალური ევროპის და ბრიტანეთის გადაწყვეტილება ამ მიზეზით არ ყოფილა ჩემთვის არასასურველი. თუმცა, რაც ბრიტანეთის ამ გადაწყვეტილებამ გამოააშკარავა, არის ევროკავშირის რეფორმირების სასწრაფო აუცილებლობა.

რაც შეეხება კამერონს, ვერც თვითონ აიცილებს პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ის აწარმოებდა კამპანიას დარჩენასთან დაკავშირებით, ეს იყო მისი პოლიტიკური დაპირება და, ჩემი აზრით, ეს კარიერულ მიზნებს ემსახურებოდა. დევიდ კამერონმა რეფერენდუმი იმიტომ ჩადო თავის საარჩევნო დაპირების სიაში, რომ პარტიის შიგნით არსებული გაყოფა და დაპირისპირება არ გამხდარიყო მისი ლიდერობისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი. ის შეეცადა, რომ ერთგვარად მოესყიდა ევროსკეპტიკსოსები და ამით მოახდინა კიდეც თავისი პოზიციის კონსოლიდაცია. შესაბამისად, შემდგომ უკვე არჩევნებზე მას წინააღმდეგობა არ გაუწიეს, რის შედეგადაც, მან მიიღო ის, რაც სურდა - შესაძლებელი გახდა მისი ერთპიროვნული პრემიერობა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ის ტაქტიკური უპირატესობა, რომელიც მან მოიპოვა, პირადად მას კარიერის დროზე ადრე და თან ძალიან მძიმე მემკვიდრეობის ფონზე დასრულებად დაუჯდა. ქვეყანას კიდევ, უფრო ძვირად დაუჯდება, ვიდრე კამერონს. მთელ ამ Brexit-ის კამპანიას ბრიტანულ პოლიტიკურ სპექტრში პოპულისტური, ვიტყოდი, ტრამპისეული სპექტრის გაღვივება მოყვა.

თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება ბრიტანეთისთვის საგარეო ურთიერთობები და რა გავლენას იქონიებს ევროპის სხვა ქვეყნების დამოკიდებულებაზე ბრიტანეთის მიმართ?

ბორის ჯონსონი დაწყნარებულია. ის თვლის, რომ მის პრემიერობას არაფერი უდგას წინ და გამოაცხადა, რომ ბრიტანეთი არ იჩქარებს იმ რიგი მექანიზმების ამოქმედებას, რომელიც საბოლოო ჯამში ევროკავშირში ბრიტანეთის არსებობას შეწყვეტს. ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნების საგარეო მინისტრებისგან, Brexit-ზე პასუხი იყო, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ბრიტანეთმა რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა. რაიმე პრივილეგიებით სარგებლობის გახანგრძლივება ბრიტანეთს არ გამოუვა. ეს ერგვარად განქორწინების პროცესივით არის, სადაც განქორწინების ინიციატორ მხარეს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ გააგრძელებს ოჯახის წევრის პრივილეგიებით სარგებლობას.

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფის შემდეგ, როგორ წარიმართება პროცესები საქართველოსთვის, იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე? სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ მიიღო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ბრიტანეთის გამოყოფის შემდეგ შევინარჩუნებთ თუ არა თავისუფალ ვაჭრობას ამ ქვეყანასთან?

არა, ბრიტანეთთან ვერ შეინარჩუნებს. ჩვენ ცალკე შეთანხმება გვექნება ბრიტანეთთან დასადები. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება, მაგალითად ორმაგ დაბეგვრასთან დაკავშირებით, მაგრამ თავისუფალ ვაჭრობას ვერ გავაგრძელებთ, ხელახლა მოგვიწევს მუშაობის დაწყება. ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა, გარკვეულწილად, ბევრ ინტეგრაციულ პროცესს აფერხებდა კიდეც. ევროინტეგრაციის მრავალი მომხრე ამაში დადებითსაც დაინახავს. ევროკავშირი, ბრიტანეთის გასვლის შედეგად, მიიღებს შანსს გადახედოს არსებულ ვითარებას, რეფორმირდეს და გახდეს, უფრო ეფექტური, უფრო კონსოლიდირებული კავშირი. ეს კი, საქართველოსთვის მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება.

რეფერენდუმის შედეგებზე აპელირებით პრორუსული პარტიები ამტკიცებენ, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს სარგებელს არ მოუტანს და ქვეყანამ საგარეო ორიენტაცია უნდა შეცვალოს. რა არგუმენტებით შეძლებენ პროდასავლური ძალები ამ პოზიციის გაბათილებას?

კონტრასტი იმდენად დიდია თუნდაც კრიზისში მყოფ ევროპულ კავშირსა და მის ალტერნატივას, ვგულისხმობ, ევრაზიულ კავშირს შორის, რომ ძალიან ძნელია საზოგადოებამ მათ დაუჯეროს. საქართველომ უნდა გააგრძელოს ენერგიული სვლა დასავლური ტიპის, წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებისთვის, რომელიც არის კეთილდღეობის საფუძველი. ეს არის ისტორიის მიერ დადასტურებული ევროპის მაგალითზეც, მისი საპირისპირო რუსეთის მაგალითზეც და იმ ქვეყნების მაგალითებზეც, რომლებიც ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, აღმოჩნდნენ გაყოფილები დასავლურ და რუსეთის მსგავს პოლიტიკურ სისტემებად. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეაა. ერთი არის დასავლური პროექტი და მეორე - რუსეთის მსგავსი. თავის დროზე, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის მაგალითიც. ასევე, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თითოეული ქვეყანა, რომელიც ჯერ იყო პრორუსულ პროექტში და გადავიდა დასავლურ პროექტში, მაგალითად პოლონეთი და რამდენჯერ გაიზარდა თითოეული მათგანის, კეთილდღეობა, უსაფრთხოება და უზრუნველყოფა. ან თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნები, რა იყო საბჭოთა კავშირის დროს და რა არის ახლა. ასეთი არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ევროპა დაინგრა და ამიტომ, მოდით, რუსეთთან ვითანამშრომლოთ, არ არის დაფუძნებული ერთ არგუმენტზე მაინც. ეს ყველაფერი, უბრალოდ, რუსეთის ინტერესების მომსახურე ადამიანების მიერაა გახმოვანებული. დასავლეთის გარდა, საქართველოს ერთადერთი ალტერნატივა რჩება - დაბრუნდეს რუსეთის პროვინციად.

კომენტარები