BREXIT-ის გამო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთის საკრედიტო რეიტინგს შეამცირებს. დღეისთვის გაერთიანებული სამეფო ყველაზე მაღალი რეიტინგის AAA-ს მფლობელია. რეიტინგის შემცირების მიზეზებს Standard & Poor's-ში ბრიტანულ ფასიან ქაღალდებზე გაზრდილ რისკებს უკავშირებენ. საკრედიტო რეიტინგის შემცირების შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
Financial Times-თან საუბარში S&P-ის სარეიტინგო სამსახურის უფროსმა მორის კრამერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთისთვის ამჟამად მინიჭებული უმაღლესი რეიტინგი ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას ზუსტად აღარ ასახავს. კრამერის თქმით, S&P ბრიტანეთის მთავრობას რეიტინგის შეცვლამდე 24 საათით ადრე წერილობით მიმართავს. რეიტინგის შემცირება სავარაუდოდ ფუნტის ღირებულებაზე უარყოფითად აისახება.
BREXIT-ის გამო გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლიან მინიმუმზე დაეცა, ამჟამად ერთი ფუნტის ღირებულება 1.358 დოლარს შეადგენს. ბარელი ნავთობის ფასი 5%-ით $47-მდე შემცირდა, ოქროს ფასი კი 8.1%-ით ბოლო ორი წლის რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა.
BREXIT-ის შედეგები გლობალურ ბაზრებზე ასე გამოიყურება:
- გირვანქა სტერლინგი 11%-ით გაუფასურდა და ის 1985 წლის მინიმუმზეა
- S&P 500-ის ინდექსი 5.1%-ით შემცირდა
- ლონდონის FTSE 100-ის ინდექსი 9%-ით შემცირდა
- ოქროს ღირებულება 8.1%-ით, უნციაზე $1,358.54-მდე გაიზარდა
- იენი დოლართან 3.7%-ით გაიზარდა
- ბარელი ნავთობის ფასი 5%-ით $47-მდე შემცირდა
- პოლონური ზლოტი 1993 წლის მინიმუმამდე შემცირდა
- სამხრეთ აფრიკული რანდი 7%-ით გაუფასურდა