არჩევნები 2016

ხოშტარია: უნდა უზრუნველყონ ის, რაზეც პრემიერმინისტრი ქაღალდით გველაპარაკება

ელენე ხოშტარია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია წინასაარჩევნო ქცევის კოდექსის შესახებ პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი გარემოს მთავარი გამოწვევა სწორედ ხელისუფლების ქმედებაა. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი გეგმა იმისა, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ პრემიერმინისტრის ინიციატივას წინასაარჩევნო ქცევის კოდექსის შესახებ. საქართველოში მშვიდობიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არამხოლოდ პოლიტიკური ძალებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის მომავლისთვის, მისი განვითარებისთვის და საერთაშორისო, ევროპული პერსპექტივისთვის. ამასთანავე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს მთავარი გამოწვევა არის სწორედ ხელისუფლების ქმედება. ხელისუფლების ქმედება, რომელიც ებრძვის თავისუფალ მედიას, რომელიც აქეზებს ძალადობას უკვე წლების განმავლობაში და რომლის აგრესიული გამოვლინება იყო კორცხელის ინციდენტი, რომელიც არათუ არ გამოიძიეს, არამედ ეცადნენ მის გამართლებას და ახსნას. ამასთანავე ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებული იყო კორცხელის ინციდენტის ორგანიზებასთან, დაინიშნა წინასაარჩევნო შტაბის უფროსად, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ არანაირი რეალური განცდა და რეალური გეგმა ხელისუფლებას იმისა, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, არ გააჩნია",- ამბობს ელენე ხოშტარია.

ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, პრემიერის ინიციატივაზე ხელმოწერით, ხელისუფლება ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომ უზრუნველყოს ის, რაზეც კვირიკაშვილი „ქაღალდით გველაპარაკება".

„მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერით და მსგავსი ინიციატივით, რომელსაც, სამწუხაროდ, ცინიზმის და საზოგადოების მოტყუების გარდა ვერაფერს ვერ დავარქმევთ, ხელისუფლება ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უზრუნველყონ სწორედ ის, რაზეც დღეს ჩვენ ქაღალდით გველაპარაკება პრემიერმინისტრი."- აღნიშნა ხოშტარიამ.

გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრმა პოლიტიკურ ძალებს, საარჩევნო სუბიექტებს, სახელმწიფო უწყებებსა და პოლიციას საგანგებო განცხადებებით მიმართა. კვირიკაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პრიორიტეტულია პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის მიღება. პრემიერმა აღნიშნა, რომ უნდა შედგეს საზოგადოებაში კონსესუსი, „რომ არ იქნება გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, სიძულვილის ენა, ოპონენტების შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი ქმედება; ასევე, უზრუნველყოფილი იქნება განსხვავებული აზრის პატივისცემა". კვირიკაშვილმა მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდა, რომ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსები. საგანგებო განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციასაც მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში საარჩევნო კამპანია დაბრკოლებების გარეშე წარიმართოს.

კომენტარები