პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის თქმით, "პრეზიდენტი არ განიხილავს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება მძიმე და დამაზიანებელი არ არის". მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება არ დაიწყო, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
"სტრასბურგის გადაწყვეტილება ნამდვილად არის მძიმე და ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული პირების შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დღეს მინისტრებიც საუბრობენ იმაზე, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ იყო იმაში და საქართველოს პრეზიდენტი თავიდანვე აჟღერებდა ამ პოზიციას, რომ გამოძიება ჩასატარებელია. ეს ვალდებულება გამომდინარეობდა მაშინ და დღეს მოქმედი კანონმდებლობიდან, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ დანაშაულის შემცველი ინფორმაციიის გავრცელებაზე პროკურატურამ უნდა მოახდინოს შესაბამისი რეაქცია. მე მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ იმ საკითხზე, მოხდა თუ არა მაშინ ვანო მერაბიშვილის გაყვანა, არამედ იმ საკითხზეც, რატომ არ გამოიძია და არ შეასრულა პროკურატურამ თავის დროზე კანონით დაკისრებული ცალსახა ვალდებულება და რატომ გამოიწვია ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ სტრასბურგის მხრიდან სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მიმყენებელი გადაწყვეტილება", - თქვა კოჟორიძემ.
კითხვაზე, ვის გულისხმობს "კონკრეტულ პირებში", პრეზიდენტის მრჩეველი პასუხობს, რომ "ვისაც ევალებოდა, ვინც იყვნენ მაშინ პროკურატურაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღებები და ჩათვალეს, რომ გამოძიება არ უნდა დაწყებულიყო. მე ვფიქრობ, აი, ეს გადაწყვეტილება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და სწორედ ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება. რატომ გადაწყდა მაშინ პროკურატურის მხრიდან, რომ გამოძიება არ დაწყებულიყო".