ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ენმ-ის წევრებმა დიპლომატებს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებისთვის კომპანია კალა კაპიტალისგან თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები გააცნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ვანო მერაბიშვილის საქმესა და რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. ენმ-ის ცნობით, მსჯელობის საგანი იყო არჩევნებისთვის ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობაც.
"დიპლომატიურ კორპუსს წარვუდგინეთ ის დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ვიცეპრემიერ კახი კალაძის შესაძლო მონაწილეობაზე კორცხელის ინციდენტის და იმ ძალადობის ორგანიზებაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა. აგრეთვე, გავაცანით ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, მე-18 და მეხუთე მუხლის დარღვევის თაობაზე, რომელიც პოლიტიკოსების შემთხვევაში, პირდაპირ მიუთითებს პოლიტიკურ მოტივაციაზე. ეს პირდაპირ იკითხება გადაწყვეტილებაში. ამის შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. ასევე იყო საუბარი მიმდინარე კამპანიის განმავლობაში არსებულ დარღვევებსა და რუსთავი ორის საქმესთან დაკავშირებით", - თქვა ენმ-ის წევრმა ოთარ კახიძემ.





