საგარეო ვაჭრობა

მაისში ექსპორტი 11.5%-ით, იმპორტი კი 13.8%-ით შემცირდა

benjielayug.com

2016 წლის მაისში საქართველოს მოსახლეობამ წინა წელთან შედარებით 13.8%-ით უფრო ნაკლები უცხოური პროდუქცია შეიძინა, რის გამოც იმპორტი წინა წელთან შედარებით $98 მილიონი ლარით შემცირდა და $606 მილიონი შეადგინა. მაისში წინა წელთან შედარებით საქართველოდან უცხოეთში გასული პროდუქციის მოცულობაც შემცირდა, რის გამოც წელს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა $22.6 მილიონით, 11.5%-ით შემცირდა და $172.3 მილიონი შეადგინა. იმპორტ-ექსპორტის შესახებ მონაცემები საქსტატმა დღეს გაავრცელა. 

საქსტატი 2016 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებსაც ავრცელებს. ამ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $780 მილიონი იყო (12%-ით ნაკლები), იმპორტი კი $3290 მილიონი (8%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მაისში $2509 მილიონი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 62% შეადგინა.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დაზუსტებულ მონაცემებს 20 ივნისს გაავრცელებს, სწორედ ამ დღეს გაირკვევა, თუ რომელი საქონლის ექსპორტ-იმპორტის კლებამ განაპირობა საგარეო ვაჭრობის შემცირება. 

ექსპორტ-იმპორტის სტატისტიკას ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების უმთავრესი წყაროა, ექსპორტი კი სავალუტო შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. მაისის მანძილზე ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა. მაისში ლარი დოლართან მიმართებით 8.5 თეთრით გამყარდა, ეს კი ნიშნავს, რომ ექსპორტის 11.5%-ით შემცირების მიუხედავად, სხვა ფაქტორებმა, როგორიცაა ინვესტიციები და ტურიზმი, ეს შემცირება დააბალანსა. ლარის გამყარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იმპორტის შემცირებამაც იქონია.

კომენტარები