რუსთავი 2-ის საქმე

აბაშიშვილი: რ2-ის მფლობელის ცვლილება არჩევნების დემოკრატიულობას დაარტყამს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილება არჩევნების დემოკრატიულობაზე სერიოზული დარტყმა იქნება.

"პრეზიდენტის ვიზიტის დროს სტრასბურგში, ბრიუსელში ყველა შეხვედრაზე რუსთავი 2-ის საკითხი იყო ძალიან მძაფრად დასმული. ცხადია, ამ გადაწყვეტილების შემდგომ ეს თემა კიდევ უფრო გამძაფრდება. ამავდროულად, წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილება, ვფიქრობ, იქნება სერიოზული დარტყმა არჩევნების დემოკრატიულობაზე", - თქვა აბაშიშვილმა.

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა. საქმის განხილვა მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, 7 ივნისს დაასრულა.

კომენტარები