სამართალდამცველებმა პარტიის "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლეპტოპის მოპარვისთვის ამავე პარტიის აგიტატორი დააკავეს. 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა ა. ქურდობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, რომელიც პარტიის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" სააგიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, პარტიის კუთვნილ ლეპტოპს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ მოპარული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით).





