22 მაისის შუალედური არჩევნები

პრეზიდენტი: ვგმობთ ძალადობას, გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
Levan Gokadze / Wikipedia

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს სოფელ კორცხელში, ენმ-ს წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის შეფასება მედიას პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ წარუდგინა.

"ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას, პრეზიდენტის აზრით, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მსგავსს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული არამედ ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები. იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი, რომელსაც სურს მშვიდ ვითარებაში გააკეთოს არჩევანი, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მიხედვით. მთლიანობაში კი ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტების არჩევნების ჩატარება. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს, კანონის შესაბამისად დაეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობა. გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომ სამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები