22 მაისის შუალედური არჩევნები

სოფელ კორცხელში მიღებულ ხმებს თავიდან დაითვლიან

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების შედეგად მიღებულ ხმებს თავიდან დაითვლიან. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების შედეგები ქართული ოცნების კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ გაასაჩივრა. ლაგვილავამ "საარჩევნო უბნებზე შექმნილი სტრესული ვითარების" გამო, ბიულეტენების ხელახლა დათვლა და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა მოითხოვა. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნება ხმების ხელახალი დათვლის პროცედურის დასრულების შემდეგ მიღებულ შედეგს აღიარებს.

"პირველმა და მეორე გადათვლამ შედეგი არ აჩვენა, მესამე შედეგის დროს იყო პრინციპული სხვაობა, რამაც გააჩინა სწორედ ეჭვები და კითხვის ნიშნები, რის გამოც მოვითხოვეთ ჩვენ გადათვლა საოლქო კომისიაში. მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცედურა, ბუნებრივია ჩვენ ვაღიარებთ იმ შედეგს, რომელიც დაითვლება", - განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნების კანდიდატის წარმომადგენლების მიერ საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილი საჩივრის მიხედვით, "კორცხელში, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა დაძაბულ, სტრესულ ვითარებაში მიმდინარეობდა, რაც გამოწვეული იყო უბნის გარეთ დაპირისპირებული ჯგუფების დიდი რაოდენობით მობილიზებით. იმის გამო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იმყოფებოდნენ უბნის შიგნით მყოფი წარმომადგენლების და დამკვირვებლების გავლენის ქვეშ, ხმის დათვლის პროცესი ხარვეზებით წარიმართა. დაძაბულობისა და შეცდომების გამო, რამდენჯერმე გადათვალეს ბიულეტენები და 53-ე უბანზე ხელმოწერების რაოდენობა ნაკლები აღმოჩნდა ბიულეტენების რაოდენობაზე".

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ შუალედური არჩევნების დღეს, 22 მაისსავე გააკეთა განცხადება, რომ მომხდარ ინციდენტს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

"საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ, სცადა რა, აეცილებინა თავიდან პასუხისმგებლობა კორცხელში მიმდინარე პროცესებზე, გუშინვე გააკეთა განცხადება, რომ იმ არეულობას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ვნახოთ, ცენტრალური კომისიის თავჯდომარის გუშინდელი პოზიცია და დღეს ცენტრალური კომისიის გადაწყვეტილება რამდენად დაემთხვევა ერთმანეთს. გამოჩნდება, მიიღო თუ არა ახალი დავალება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ ადამიანებისგან, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას", - განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის 67,15 საარჩევნო ოლქში, ქართული ოცნების კანდიდატმა ამირან ლაგვილავამ ხმების 48.96% დააგროვა (613 ხმა), ხოლო ენმ-ის კანდიდატმა ვარადებული ლაშხიამ - 49.76% (623 ხმა)

კომენტარები