22 მაისის შუალედური არჩევნები

ენმ: წყალტუბოში, ქართული ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს ფულს უხდიან

წყალტუბოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ქართული ოცნების კოორდინატორებს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. ენმ-ის წარმომადგენლის მამუკა საღარეიშვილის მტკიცებით, წყალტუბოში, #52 უბანზე "ქართული ოცნების" კოორდინატორმა ამომრჩეველს ფული გადაუხადა და მათ ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც გააჩნიათ.

საღარეიშვილის ინფორმაციით, ქართული ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს 30-50 ლარს უხდიან.

"ქართული ოცნების წარმომადგენლებს აქამდეც ჰქონდათ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. აქამდე ისინი ამომრჩეველს 150 ლარს უხდიდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი კოორდინატორები არიან და ამით იმართლებდნენ თავს. დღეს კი ისინი ამომრჩეველს უბანზე 30-50 ლარს უხდიან. გააჩნია რამდენზე დაითანხმებენ", - განაცხადა საღარეიშვილმა.

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ცოტნე ზურაბიანის თქმით კი, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აწყობს. 

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

კომენტარები