პარაოლიმპიელთა კომიტეტი

პარაოლიმპიელები 19 მაისს გამართული რიგგარეშე არჩევნების შედეგებს ასაჩივრებენ

19 მაისს ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან საქართველოს პარაოლიმპიელთა კომიტეტში. მათი შეფასებით, არჩევნები მმართველი პარტიის ზეწოლის შედეგად გაიმართა და ის ლეგიტიმური არაა.

19 მაისს გამართულ არჩევნებზე კომიტეტმა გიორგი წასიძე ხელმძღვანელობიდან გადააყენა და მის ნაცვლად შაკო მაისურაძე აირჩია. თუმცა კომიტეტის წევრთა თქმით, არჩევნები არალეგიტიმური იყო და პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ჩატარდა.

პარაოლიმპიელები 2012 წელს ჩატარებულ იდენტურ არჩევნებსაც იხსენებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, გიორგი წასიძე პრეზიდენტობიდან მაშინაც გადააყენეს, რაც კომიტეტმა სასამართლოში გაასაჩივრა. ორი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ, 2015 წელს, უზენაესმა სასამართლომ კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ გიორგი წასიძე აღადგინა. კომიტეტის წევრები გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ისევ სასამართლოში შეეცდებიან.

პარაოლიმპიელთა კომიტეტში ამბობენ, რომ პრეზიდენტის გადაყენება ამ ზაფხულს გასამართი პარაოლიმპიური თამაშების წინ, მათ სპორტულ საქმიანობაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები