17 მაისი

სტენსილების გაკეთებისთვის დაკავებული აქტივისტების საქმის განხილვა გადაიდო

ტაბულა

17 მაისს ქუჩებში ე.წ. სტენსილების გაკეთებისთვის დაკავებული ექვსი ლგბტ აქტივისტის საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო 10 ივნისს განაახლებს. დღევანდელ პროცესებზე დაცვის მხარემ მოითხოვა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში საქმე შეწყდეს, რადგან პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ და მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდა. რაც შეეხება ქუჩების მოხატვას, დაკავებულები აღიარებენ სამართალდარღვევას, თუმცა, მისი მცირე მნიშვნელობის და გამოხატვის უფლების განხორციელების სხვა გზების არ არსებობის გამო, დაცვის მხარე ითხოვს, სასამართლო შენიშვნით შემოიფარგლოს.

პროცესების მიმდინარეობის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ლგბტ პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 17 მაისს მშვიდობიანი პროტესტის საშუალება არ მიეცათ და სახელმწიფო ვერ იცავს მათ უფლებებს.

17 მაისს დაკავებული აქტივისტების საქმეს სწავლობს სახალხო დამცველი. უჩა ნანუშვილის თქმით, არსებობს კითხვები სამოქალაქო ტანსაცმლიანი პირების მხრიდან დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო შეფასება მოკლევის შემდეგ გაკეთდება.

ლგბტ აქტივისტების 17 მაისს, ქუჩაში ნახატების გაკეთების გამო დაკავეს. მათ ნაწილს პოლიცია თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას ედავება, ნაწილს კი - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. 

უკვე მესამე წელია, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო აქტივისტებს მშვიდობიანი აქციის ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ. მათი თქმით, ამის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების არასაკმარისი გარანტიებია.

2013 წლის 17 მაისს, თბილისში, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სასულიერო პირები და მრევლი დაუპირისპირდა. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქცია დაარბიეს.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება.

 

კომენტარები