ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, ქვეყანაში "ონლაინ სესხების საკითხი მისახედია". გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიდგომა მომხმარებელთა უფლებათა დაცვისკენ იქნება მიმართული. დღეისთვის ონლაინ სესხები ეროვნული ბანკის რეგულირებაში არ ხვდება, იმისთვის, რომ აღნიშნული სესხებიც ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცეს, საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო. გვენეტაძემ ონლაინ სესხებზე თავის პირველ საჯარო ბრიფინგზე ისაუბრა.
"ეს არის ის საკითხი, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. დღეისთვის ონლაინ სესხები ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში არ ხვდება, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის დაევალება ზოგადად ამ ბაზრის რეგულირება. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ზოგადად ვიტყვი, რომ სესხის აღებამ არ უნდა გააუარესოს მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ის ღონისძიება, რომელიც გატარებული იქნება ამ მიმართულებით. ამავე დროს, მსესხებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ სესხის მიღებათან. ბალტიის ქვეყნებს აქვთ შედარებით დიდი ხნის გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ამ გამოცდილებას ვსწავლობთ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მისახედია და მას შემდეგ, რაც გადაწყდება, თუ ვინ გააკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, შესაბამისად მოხდება იმ ღონისძებათა შემუშავება, რაც მომხმარებელთა დაცვის მინზით შეეცდება, რომ სავალალო შემთხვევები გამოირიცხოს. ეს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზეც დადებითად აისახება", - ამბობს კობა გვენეტაძე.
ეროვნული ბანკი ქვეყანაში საბანკო ზედამხედველობას ახორციელებს, თუმცა იმის გამო, რომ ონლაინ სესხებს არა ბანკები, არამედ სხვა ტიპის ფინანსური დაწესებულებები გასცემენ, კანონის მიხედვით სებ-ს მათი რეგულირება არ ევალება.





