კრიმინალი

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულები 2013 წლის ამნისტიით გათავისუფლდნენ

დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს, ამნისტიის შემდეგ დატოვეს. ინფორმაცია ტაბულას სასჯელაღსრულების სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ცნობით, ბრალდებულ გიორგი ყუფარაძეს 2009 წელს, პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელი გაუნახევრდა, 2013 წელს კი, მასზე ამნისტია გავრცელდა და აქედან რამდენიმე დღეში, კალენდარულად დატოვა პენიტენციური დაწესებულება. რაც შეეხება ვასილ გოშაძეს - მასაც 2009 წელს, შეწყალებით მოაკლდა სასჯელი, შემდეგ, 2013 წელს ამნისტია შეეხო და გათავისუფლდა. ამჟამად, გოშაძე სხვა დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. სასჯელაღსრულების სამინისტრო აღნიშნავს, რომ დანაშაულის დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვთ. 

გიორგი ყუფარაძე სასჯელს სვანეთისუბანში, აზერბაიჯანელი ძმების მკვლელობისთვის იხდიდა და მას 25-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. რაც შეხება ვასილ გოშაძეს, ის სასჯელს იხდიდა საქართველოს ბანკის გლდანის ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისთვის. გარდა ამისა, ორივე მათგანის გვარი 2003 წელს მომხდარი ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა. ისინი ბრალდების მხარის მოწმეები იყვნენ. 

2014 წლის ბოლოს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარი სახლის აბაზანაში 49 წლის ნატო კვეზერელი ნახეს მოკლული. ხოლო მისი შვილის, გურამ კვეზერელის ცხედარი მხოლოდ ორი დღის წინ, კოჯორში იპოვეს ჩამარხული. მათი მკვლელობისთვის ბრალი გიორგი ყუფარაძეს და ვასილ გოშაძეს წარუდგინეს. გოშაძე ამჟამად ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს, ხოლო ყუფარაძე ქვეყნიდან გაქცეულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

კომენტარები