ერთი ბანალობა ერთხელაც უნდა გავიმეორო: ძალიან გვიჭირს იმასთან შეჩვევა, რომ შეიძლება, ადამიანებს არ დაეთანხმო, და რაღაცეებისთვის გააკრიტიკო, მაგრამ ამავე დროს არ აგინო და შეურაცხყოფა არ მიაყენო. მაკრიტიკებლებსაც უჭირთ ამის გარჩევა და, ხანდახან, კრიტიკის ობიექტებსაც და კრიტიკის გარე მსმენელებსაც. „გირჩელების" უმრავლესობას (სავარაუდოდ) პირადად ვიცნობ და პატივს ვცემ. არსებითად სწორად მოაზროვნე ხალხად მიმაჩნია. მაგრამ ჯერჯერობით არ გამიგონია იმის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ ამ ეტაპზე მათი არსებობა მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს - ქართულ ოცნებას. აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ გირჩელები ბიძინას ნაყიდები არიან. მაგრამ საბოლოოდ, მარტივი არითმეტიკის ამბავია. ვის სწამს, რომ „გირჩი" ოქტომბერში ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს? თუ გადალახვის რეალური შანსი აქვთ, მივესალმები ამ პარტიის პარლამენტში შესვლას. ვისაც სჯერა, სიამოვნებით გავატარებ. მაგრამ რომ არ მჯერა, და არც ის ვიცი, თვითონ მათ სჯერათ თუ არა? ხოლო თუ ვერ გადალახავენ, ეს ნიშნავს, რომ მათი ხმები (რომლებიც მხოლოდ პროდასავლურ ანუ პროდემოკრატიულ პარტიებს დააკლდება - არ არის აუცილებელი, დავაზუსტოთ რომელს) გადანაწილდება იმავე „ოცნებაზე", ინაშვილზე, შეიძლება ბურჯანაძეზე, თოფაძეზე და ა. შ. თუ ნახევარ პროცენტს მიიღებენ, ჯანდაბას (თუმცა ან ნახევარი პროცენტი რატომაა დასაკარგი), მაგრამ თუ სამს ან ოთხს - ეს უკვე მომავალი არჩევნების შედეგისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა და მისი პოლიტ-ტექნოლოგები დარწმუნებული არიან, რომ „გირჩი" უკეთეს შემთხვევაში 2-3 პროცენტს დააგროვებს და ამ ხმებს მათ ძირითად მოწინააღმდეგეებს წაართმევს. ამიტომ ამ ეტაპზე „გირჩის" პოპულარობის ზრდა (ვთქვათ, ნახევრიდან ოთხ პროცენტამდე) „ოცნების" ინტერესშია; ესე იგი მთავრობას მისი დახმარების მოტივი აქვს. არაფერი პირადული, მხოლოდ პოლიტიკური ბიზნესი. ასე რომ „გირჩს", ან ნებისმიერ ადამიანს, ვისაც „გირჩი" მოსწონს (ცალკე და აბსტრაქტულად, მეც მომწონს, როგორც უკვე ვთქვი) ეს ყველაფერი გააზრებული უნდა ჰქონდეს და ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია გააჩნდეს. და არ გაიბუტოს და სიტყვა ბანზე არ ააგდოს, ამასთან დაკავშირებულ კითხვებს რომ დაუსვამენ.
tbl.ge/143n
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ნოდია facebook-ში.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




