საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 2016 წლის მარტში $162 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ კი $565 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. 2016 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს ექსპორტმა სულ $443 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია, იმპორტი კი $1.7 მილიარდი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია საქსტატმა გაავრცელა.
ექსპორტის შემცირების მიუხედავად მარტში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რაც სავარაუდოდ შემომავალი სავალუტო ნაკადის სხვა სახეობის, ტურიზმის დამსახურება იყო. მარტში საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა.
იმპორტი საქართველოდან უცხოური ვალუტის გადინების უმთავრესი წყაროა, ლარის გაუფასურების გამო კი მოსახლეობამ გასული წლის მეორე ნახევრიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის მოხმარება შეამცირა, რის გამოც იმპორტის მოცულობა შემცირდა. იმპორტის შემცირებას ლარის კურსზე დადებითი გავლენა აქვს, რადგანაც ის შემცირებულ სავალუტო შემოდინებებს აბალანსებს, თუმცა მას უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე აქვს, რადგანაც საქონლის მოხმარების შემცირება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზია. საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ სამ თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $1.2 მილიარდი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 59%-ს შეადგენს.
საქსტატი მარტის თვის ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 აპრილს გამოაქვეყნებს, სწორედ მაშინ გაირკვევა, თუ რომელი საქონლის ექსპორტი და იმპორტი შემცირდა.





